გერმანია 2:1 საქართველო. პროგრესი სახეზეა

დასრულდა საქართველოს ნაკრების მოღვაწეობა მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპზე, მაგრამ ასეთი ბედნიერები ალბათ არცერთი ციკლის ბოლოს არ ვყოფილვართ. დიახ, სათაურში სწორედ არის გამოხატული ის ოპტიმიზმი და იმედი, რომელიც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ჩაგვისახა, კახაბერ ცხადაძემ და მისმა დიდებულმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოახერხა იმის დამტკიცება, რომ საქართველოს ნაკრები სწორ გზას ადგას, რომელიც აუცილებლად იპოვნის სინათლეს ბოლოსკენ და შედეგიც დაიდება.

დღეს, გერმანიის საკმაოდ ლამაზ ქალაქ ლაიფციგში, “რედ ბულ არენაზე” ჩვენი ბიჭები მსოფლიო ჩემპიონ გერმანიის ნაკრებს ეწვიენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დუბლინში წააგო ირლანდიასთან და დღეს მხოლოდ გამარჯვება აწყობდა. ზეწოლა “ბუნდესნაკრებზე” ძალიან დიდი იყო, იახიმ ლიოვი და მისი კოლექტივი თავდაჯერებულნი იყვნენ, საკვალიფიკაციო ეტაპის დამაჯერებლად დასრულება სურდათ. თუმდა, გიბრალტართან გასეირნების შემდეგ, ჩვენი ნაკრებიც ლამობდა მორიგი ნაბიჯი გადაედგა წინ და მსოფლიო ჩემპიონებისთვის შეექმნა პრობლემები. ირლანდიასთან შეხვედრის შემდეგ, ლიოვმა შეცვალა წინა ხაზი – ტრავმირებული მარიო გიოტცე შეცვალა ანდრე შურლემ, ლიოვმა კვლავ ცრუფორვარდიანი ტაქტიკა აირჩია. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაბრუნდნენ ძირითადში გიორგი ნავალოვსკი და საბა კვერკველია, აგრეთვე დაცვის მარჯვენა ფრთაზე უჩა ლობჟანიძე გაამწესა ცხადაძემ. ნახევარდაცვის ცენტრში კი კვლავ ნიკა კვეკვესკირი შეუწყვილდა ჯაბა კანკავას, ნიკას დებიუტი შესანიშნავი გამოვიდა გიბრალტართან და მიიღო მორიგი შანსი. შეხვედრის სასტარტო წუთები ძალიან მაღალ ტემპში წარიმართა, თავიდან ვეცადეთ წინ წასვლას, მაგრამ როდესაც ორი ძალიან სახიფათო შეტევა მივიღეთ, შედარებით უკან დავიწიეთ. ჯერ ტომას მიულერმა და ილქაი გიუნდოგანმა შეამოწმეს ნუკრი რევიშვილი, რომელიც მწყობრში იყო. ამას კი ნელ–ნელა გერმანელთა შეტევების გამწვავება და რეალური შანსების შექმნა მოჰყვა, მარკო როისმა ორჯერ ვერ შეაგდო: ჯერ ნუკრიმ აუღო, შემდეგ კი უბრალოდ გაგვიმართლა. 5–20 წუთამდე მონაკვეთი ნამდვილი კოშმარი იყო, მაგრამ გავუძელით. ამის შემდეგ კი ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ მხოლოდ ბურთების მოგერიებას არ აპირებენ და ულამაზესი კომბინაცია გაითამაშეს. კვეკვესკირმა იდეალური პასით ჩართო მარჯვენა ფრთიდან შეტევაში ვაკო ყაზაშვილი, მან ცრუ მოძრაობით მოსვა ერთ ადგილზე იონას ექტორი, აიღო საჭირო პაუზა, ზუსტი გადაცემა გააკეთა საჯარიმოში, რომელსაც თორნიკე ოქრიაშვილი გამოეხმაურა და გერმანიის ნაკრები მანუ ნოიერის სუპერსეივმა იხსნა. აი ასე, 1,2,3 და თოკოს საოცარი კომბინაციის დაგვირგვინება შეეძლო, მსგავს მოქმედებაზე არც “ბუნდესნაკრების” შემტევი ოთხეული იტყოდა უარს. თუმცა, მათ ისედაც ბევრი კომბინაცია გაგვითამაშეს და უბრალოდ გააწამეს ჩვენი დაცვის ხაზი. ნახევარი საათის შემდეგ, გერმანია ისევ აფეთქდა, კიდევ ორი მომენტი ჰქონდა როისს და ორივეჯერ ააცილა მიზანს. პირველი ნახევარის ბოლო წუთებიც ძალიან მძიმე გამოდგა, მაგრამ საბოლოო ჯამში, იღბლისა და ნუკრი რევიშვილის წყალობით შევინარჩუნეთ უგოლო ფრე.

 

შესვენების შემდეგ, კახაბერ ცხადაძემ ეგრევე ჩართო თამაშში მათე ვაწაძე, ნიკოლოს გელაშვილი პირველ ნახევარში საკმაოდ უნაყოფო იყო და ლოგიკურად მოიქცა ჩვენი გუნდის თავკაცი. დებიუტი არ გამოდგა კარგი, რადგან მალევე ჯაბა კანკავამ პენალტი აიკიდა და ტომას მიულერმა გახსნა ანგარიში. მიუხედავად ამისა, ჩვენი ბიჭები არ გატყდნენ, არ დაუშვეს ცხვირები, პირიქით, მოიკრიბეს ძალები და გადავიდნენ შეტევაზე. ძალიან მალე, საქართველომ მოიპოვა კუთხური, რომლის გათამაშების შემდეგ, უჩა ლობჟანიძემ ჩაჰკიდა ბურთი მარჯვენა ფრთიდან, გამოიტანა ჰუმელსმა თავით და დაასვა ჩვენს კაპიტანს – ჯაბამ საჯარიმოს ხაზიდან გაისროლა მარცხენა ფეხით და აღადგინა წონასწორობა – 1:1, ჩვენმა კაპიტანმა გამოასწორა საკუთარი შეცდომა, აღაფრთოვანა სრულიად საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ქომაგები. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან მომდევნო ათი წუთი უკვე გერმანელებს ელოდათ კოშმარი. ჯერ ვაკო ყაზაიშვილმა ინდივიდუალურად დაჯაბნა ექტორი და სამწუხაროდ ფაქტიურად ერთ–ერთზე დარჩენილმა ვეღარ მოასწრო დროულად დარტყმა. ამ მომენტიდან ძალიან მალე კი, ნოიერმა ჩვენი ოცნებები უბრალოდ დაამსხვრია. შესანიშნავი შეტევის შემდეგ, რომელიც მარცხენა ფრთიდან მარჯვნივ გადავიდა, ლობჟანიძემ ჩააწოდა საჯარიმოში, არეულობის გამო ოქრიაშვილი ოთხი მეტრიდან ურტყამდა უპრობლემოდ, მაგრამ ნახტომში მყოფმა ნოიერმა რაღაცნაერად მიარტყა ბურთს თითები და გაგვიცრუა იმედები. ასეა თუ ისია, ერთი რამე ფაქტია – საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრების შემდეგ ორი რეალური მომენტი შექმნა, აქედან ერთი მილიონ პროცენტიანი. დარჩენილი წუთები ძირითადად დაცვაში გავატარეთ, ვაწაძე კარგად ჩაერთო შეხვედრაში და ბევრს მოძრაობდა, ეხმარებოდა თოკო და ვაკოც, მაგრამ განსაკუთრებული ვეღარაფერი შევქმენით. თუმცა, არც გერმანია ქმინდა მომენტს–მომენტზე პირველი ნახევრისგან განსხვავებით. რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენი ბიჭების ფიზიკური მომზადება არმცთუ არ ჩამოუვარდებოდა, გარკვეულწილად აღემატებოდა კიდევ მსოფლიო ჩემპიონების ფიზმომზადებას. კანკავა, კვეკვესკირი, ამისულაშვილი, კაშია და კვერკველია ლომებივით იბრძდნენ, რევიშვილი კი ყოველთვის მზად იყო. თუმცა, გერმანიის ნაკრები ტოპ–გუნდია და ყოველთვის შეიძლება გამოიყენოს მიზერული შანსიც კი…შეცვლაზე შესულმა მაქს კრუზემ ზუსტად სამ წუთში დაგვამწუხრა. სამსვლიანი კომბინაცია, მცირე ხარვეზი დაცვის ცენტრში, იოზილის იდეალური პასი და კრუზეს იდეალური მოქნევა – 2:1, რევიშვილს აღარაფერი შეეძლო. ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა მაინც იპოვეს ძალები და ბოლო წუთ–ნახევარი შეტევაში გავატარეთ. ოქრიაშვილმა ბოლო ოფლის წვეთის ფასად მოიპოვა ჯარიმა, რომელიც სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.

დიახ, დავმარცხდით, მაგრამ მუდამ ვიამაყებთ დღევანდელი შეხვედრით. საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ტოპ–გუნდებთან თამაში, თანაც საკუთარ სტილში. ვაკომ და თოკომ არაერთხელ მოახერხეს მატს ჰუმელსისა, იონას ექტორის თუ ჟერომ ბოატენგის გაცურება, ისინი ხომ მსოფლიო ჩემპიონთა რიგებში გამოდიან, ჰუმელსი მუნდიალის ერთ–ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო ბოატენგთან ერთად. ბრავო საქართველო, ბრავო კახაბერ, ბრავო ჯაბა – მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც არაერთი ართმევა განახორციელა და საოცრად ბევრს შრომობდა: აზღვევდა ცენტრალურ მცველებს, ანაწილებდა ბურთს და გოლიც გაიტანა. კანკავა ჩვენი ნაკრების ნამდვილი ლიდერი და კაპიტანია, მაგრამ ყველა ქების ღირსია, თუნდაც გიორგი ნავალოვსკი, რომელიც დღეს უჩვეულოდ სუსტად გამოიყურებოდა, რამდენიმეჯერ უბრალოდ დარჩა შეტევაში. თუმცა, ახლა არ არის დრო ვეძებოთ მინუსები, რადგან პოზიტივი გაცილებით მეტია. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ჩვენ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში, ვიცით როგორ დავეუფლოთ ბურთს და როგორ მოვეპყრათ მას. კახაბერ ცხადაძემ ახალი სისხლი შემოიტანა ეროვნულ ნაკრებში და იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება. დღემდე, მხოლოდ პროგრესია, დაე ასე იყოს მოამვალშიც! წინ საქართველო! ოდესღაც აუცილებლად დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, იქნებ სწორედ ესაა თაობა, რომელსაც ქართული ფეხბურთის მწვერვალზე აყვანა შეუძლია.

ამ თამაშზე საუბარს ვერანაერად ვერ დავასრულებთ ქომაგების გარეშე…ძალიან სასიამოვნოა იყო, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართველი ქომაგებისა შედგებაო ჩვენი ჯარისკაცებისგან, რომლებიც მხურვალედ უჭერდნენ მხარს “მოედნის გმირებს”. ძალიან ბევრჯერ გაისმა მკაფიოდ – “საქართველო, საქართველო, საქართველო…” ბრავო თითოეული გულშემატკივარს, რომელიც ასე ომახიანად დაუდგა ბიჭებს გვერდში და რამდენიმეჯერ გადაფარა გერმანელების შეძახილები. შესაძლოა ჯერ არაფერია მიღწეული, მაგრამ უდიდესი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო თვეების განმავლობაში, ამას არდანახვა შეუძლებელია და ეს “რედ ბულ არენაზე” შეკრებილმა ქართველებმა დაამტკიცეს. დაე დავდგეთ გამარჯვების გზაზე, ამ უნიკალური ქომაგების სიმღერების ფონზე!

წყარო

მსგავსი სიახლეები
112 ნახვა