ნიკა რურუა “რუსთავი 2″ -ს აკრიტიკებს

ნიკა რურუა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” გასულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და ჟურნალისტებს აკრიტიკებს.
ნიკა რურუას სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
 “ვუყურებ რუსთავის 2-ზე P.S.-ს და ერთი აზრი მიმტკიცდება:
რესპოდენტებიდან დაწყებული კორესპონდენტით დამთავრებული ყველა, ან თითქმის ყველა ჩვენი თანამოქალაქე ჯერ ისევ მახინჯი, არამკაფიო მითოლოგიური (და არა რაციონალური) კატეგორიებით აზროვნებს და ოპერირებს. აი, ისეთით მერაბ მამარდაშვილი “ეშმაკისეულს” რომ უწოდებს, რადგან მათ საშიშ, მცდარ დასკვნებამდე მივყავართ.
დასავლეთსა და რუსეთს შორის ამგვარი ტოლობის ნიშნის დასმა, როგორიც გადაცემაში გამოყენებულ მთავარ კითხვაში იყო მოქცეული – “რუსეთი გირჩევნიათ, თუ დასავლეთი”? – შეიცავს ერთ ძალიან არაზუსტ კონოტაციას; კერძოდ იმას, რომ ვითომ ჩვენ ერთგვარად თავისუფლად შეგვიძლია ან დასავლეთი “ავირჩიოთ” ან რუსეთი, რაც საფუძველშივე არასწორია, და აი რატომ – რუსეთი საქართველოს დამორჩილებას და ხელახალ, რაღაც ტიპის კოლონიად ქცევას აიძულებს, მაშინ როცა დასავლეთს საქართველო თვითონ ელტვის, როგორც უფრო თავისუფალი და ცივილეზებული ქვეყნების კლუბს, სადაც რეფორმების წარმატებით ჩატარების მერე თუ დაგვიშვებენ.
ანუ არჩევანი მხოლოდ დასავლეთის შემთხვევაში გაგვაჩნია; რუსეთის შემთხვევაში – ეს დანებებაა. მოძალადისთვის დანებება.
ამიტომ კითხვის ამგვარად ფორმულირება და შემდეგ ამ დაბნეული მოქალაქეებისადმი ასე არასწორად დასმულ კითხვაზე ასევე არასწორი, დაბნეული და დამაბნეველი პასუხების ტელევიზიით საქვეყნოდ ჩვენება ძალიან არაკეთილგონივრული და მავნე პრაქტიკაა – სავარაუდოდ, უნებურად მავნე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზიანის მომტანი, რომელიც უკვე ასე არასწორად და ყალბად ფორმულირებულ ალტერნატივას ახლა უკვე მილიონობით ქართველს ასმენინებს და მათაც აბნევს.
დღევანდელ დროს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება მკაფიო, ზუსტი აზროვნება, რადგანაც ამგვარი “გადღაბნილი” და უხეში საინფორმაციო
ნაკადები უფრო აბნევს ისედაც კარგა მაგრად დაბნეულ და განხიბლულ ხალხს.
ეს კი – მორალური ბუნდოვანება – სწორედ ისაა, რაც ჩვენ მტერს სჭირდება. ანუ ზუსტად ის, რაც ჩვენს უკეთეს აწმყოსა და მომავალს ძალიან არ სჭირდება.
P.S. კომპეტენტური და ზუსტი კითხვა ასე უნდა დაისვას: გსურთ, რომ რეფორმები გაგრძელდეს, რაც დასავლეთში ინტეგრირებისთვის აუცილებელია, თუ დავნებდეთ რუსეთს, როგორებიც ვართ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის “მოგვხედავს”? სინამდვილე ასეთია და კითხვა უნდა ასახავდეს მას”, – წერს ნიკა რურუა.
მსგავსი სიახლეები
398 ნახვა