ლევან კალანდაძე აფხაზეთში ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო გეგმებზე

ოკუპირებული აფხაზეთში „შიშობენ”, რომ ბიძინა ივანიშვილს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა აქვს და ამასთან დაკავშირებით უკვე შესაბამისი ფონდიც შექმნა, რომელშიც რუსეთში ქართული დიასპორაც ჩაერთო და 1 მილიარდიც გადაირიცხა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნისა და ამ პროცესით საქართველოს ყოფილი პრემიერის დაინტერესებაზე ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ ისაუბრა. “ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ განახორციელოს შეწყიდვების ასეთი აქციის ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, რომელიღაც ქართველი როგორ იყიდის აფხაზეთში უძრავ ქონებას?” – განაცხადა შამბამ.

 

რამდენად რეალური შეიძლება იყოს აფხაზი პოლიტიკოსების „შიშები” ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობისთვის?
„პოლიტკომერსანტი” ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული „საზოგადოება 2030″-ის კონსულტანტს – ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

 

– ბატონო ლევან, აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ივანიშვილის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე უძრავი ქონების შესყიდვის გეგმასთან დაკავშირებით, თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია იმ ფონდთან დაკავშირებით, რომელიც, თითქოსდა ყოფილმა პრემიერმა ამ მიზნით შექმნა?

 

– თუ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გეგმა, ამაზე მხოლოდ მას შეიძლება ესაუბროთ…

 

– რა თქმა უნდა, მაგრამ რადგან მას ვერ ვესაუბრებით…

 

– სამწუხაროდ მე არც კი მსმენია, რომ მსგავსი რაიმე პროექტი არსებობდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ მის არსებობასაც. პრობლემა ის არის, ვერც ერთი ექსპერტი ვერ უარყოფს ან ვერ დაგიდასტურებთ. უშუალოდ მას თუ არ დაეკითხეთ, ძალიან რთული იქნება ამაზე საუბარი.

 

ზოგადად საუბარი შეიძლება ყველანაირ გეგმაზე, მთავარია, ჰიპოთეტურად რას შეიძლება ემსახურებოდეს ეს გეგმა და რა მიზნებს ისახავს. ამ გეგმების რეალურობის საკითხი დამოკიდებულია ამ გეგმის კონტექსტზე. მაგრამ ქართველ ინვესტორს პრობლემა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ასეთი საკითხების ლიმიტირებას ახდენს. აქედან გამომდინარე ქართველი ინვესტორი ფიზიკურად ვერ განახორციელებს ამას.

 

მე მაინც მგონია, რომ ამ თემის გაშლაზე თავად სახელწიფომ უნდა იფიქროს, რადგან ჯერ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის ჩამოყალიბებული, რომელიც წაახალისებს ან ხელს შეუწყობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საინვესტიციო გარემოს. ამასთან ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა. ბიზნესი და საინვესტიციო საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს სამართლებრივ გარანტიებზე. თუ ეს არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან, ძალიან ძნელია ივესტიციის განხორციელების საერთოდ თეორიულ შესაძლებლობებზე საუბარიც კი. დღეს ასეთი პოლიტიკაა, ხვალ როგორი პოლიტიკა იქნება და როგორი გარემო შეიქმენება საინვესტიციო საქმიანობისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ვნახოთ.

 

თუნდაც არ არსებობდეს შეზღუდვა სამართლებრივად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ინვესიტიის განხორციელება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ეს არის საომარი, კონფლიქტური ზონა და ასევე ქონების შენარჩუნების ინტერსის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

– წლების წინ მსგავსი გეგმის განხორციელებას ბადრი პატარკაციშვილიც აპირებდა, როგორც ამბობდნენ, აფხაზეთის სანაპირო ზოლში მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიც იყო დაწყებული.

 

– ამ თემაზე საუბრები მეც მახსოვს, თუმცა კონკრეტული გეგმა ამა თუ იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე საინვესტიციო შესყიდვის შესახებ არ გვინახავს, აქედან გამომდინარე, პატარკაციშვილის დროს არსებობდა თუ არა რეალურად მსგავსი გეგმა, ვერ გეტყვით. საუბრები მართლაც იყო საინვესტიციო გეგმების შესახებ, თუმცა რას ითვალისწინებდა ეს გეგმები ამაზე განცხადებები არ გაკეთებულა.

 


შეგახსენებთ, 2012 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით ასეთი რამ განაცხადა – „ყველაზე რთული და ხანგრძლივი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება იქნება, ამისთვის კი, არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 მილიარდი აშშ დოლარია საჭირო… ამის შესაძლებლობა არსებობს. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი – რეალურად, არანაკლებ 100 000 სახლი უნდა აშენდეს. ვიცი მაგალითები, ვინც თქვენი ქონება მიისაკუთრა და იქ ცხოვრობს. ამას მარტო პოლიტიკური განცხადებები არ უშველის, ამას ძალიან დიდი ეკონომიკური ძალისხმევა დასჭირდება”.

 

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
218 ნახვა