შალვა ოგბაიძე: დედაქალაქში არ არსებობს ორგანო, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას აიღებს საცობებზე

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში დასუფთავების მანქანები პიკის საათებში აღარ იმოძრავებენ. დასუფთავების მანქანების მუშაობის ახალ გრაფიკზე გადასვლა საცობების განტვირთვის მიზნით ხდება. დედაქალაქის მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, თუმცა ამბობს, რომ საცობების განტვირთვისთვის ბევრად უფრო სიღრმისეული და გლობალური მუშაობაა საჭირო.

„საცობების პრობლემასთან მიმართებაში დედაქალაქის მერიის აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა, პრობლემასთან ბრძოლაში ეს არის ფრაგმენტული მიდგომა და საჭიროა ამ საკითხზე  სერიოზული მუშაობა. ცუდია, რომ დედაქალაქში არ არსებობს ორგანო, რომელიც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობას აიღებს საცობებზე. საცობი მხოლოდ ასფალტის საფარის გადაგებით არ არის გამწვეული, არც მხოლოდ დასუფთავების მანქანების გრაფიკის გამო. პრობლემა გაცილებით სიღრმისეულია.

 

საცობების პრობლემას ერთი სამსახური – თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური თავისი 10-კაციანი შემადგენლობით თავს ვერავითარ შემთხევაში ვერ გაართმევს. ეს იქნება თავის მოტყუება. სჭიროა  საცობებთან შეხებაში მყოფი ყველა სამსახურის შეთანხმებული გააზრებული კოორდინირებული მუშაობა, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. რომელ კოორდინირებულ მუშაობაზეა საუბარი, როცა თბილისის ტრასპორტის სამსახურმა, რომელსაც ევალება საგზაო ნიშნების დასმა, არ იცის, სარეკლამო აბრებს როგორ ათავსებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რომელიც ფარავს საგზაო ნიშნებს. ერთმანეთს არ ესაუბრებიან ეს სამსახურები. გვაქვს სერიოზული ხარვეზი მენეჯმენტში”, – განაცხადა „რეპორტიორთან” საუბრისას ოგბაიძემ.

რაც შეეხება ტაქსების ლიცენზირების საკითხს, ოგბაიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისმა სამსახურმა ზუსტად უნდა ჩამოაყალიბოს გეგმა, რომლის მიხედვითაც გადაწყდება ეს საკითხი.

„ერთი შეხედვით კი, მარტივია, უცბად გამოაცხადო ტაქსების ლიცენზირება. ჩემთვის, როგორც ამ დარგის სპეციალისტისთვის, მთავარია: პირველი – როგორი უნდა იყოს თბილისის ტაქსი და მეორე – ვინ უნდა იყოს ტაქსისტი. ეს ხედვა უნდა გვაჩვენოს შესაბამისმა სამსახურმა. ამ ხედვებში ჩადებული უნდა იყოს ტაქსის ფერი, მარკა, მოდელი, წლოვანება, ტექნიკური მდგომარეობა. ერთმნიშვნელოვნად, რომ მოხდება ტაქსების ლიცენზირება და საკითხი ერთ დღეში გადაწყდება, ეს არის აბსურდი და თავის მოტყუება”,– აღნიშნა ოგბაიძემ.

წყარო 

მსგავსი სიახლეები
130 ნახვა