მამუკა არეშიძე – „ფედერაციული მოწყობის რამე პერსპექტივას ვერ ვხედავ, აფხაზურ საზოგადოებაში ამაზე არც საუბრობენ”

„საქართველო მზადაა, ფედერაციული მოწყობის საკითხი განიხილოს, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება”, – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

“ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ ჩვენს მოსახლეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კონსტიტუციის ფარგლებში მივაღწიოთ მათი როგორც პოლიტიკური, ისე სამოქალაქო უფლებების დაცვას. საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია, ფედერაციული მოწყობის საკითხში ევროპული სტანდარტებიც.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში ამბობს, რომ მსგავსი სახის შეთავაზება საქართველომ აფხაზეთთან მიმართებაში რამდენჯერმე გააკეთა. 1990-იან წლებში იგივე იდეა აფხაზებს და რუსებსაც ჰქონდათ, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა.

„მსგავს წინადადებას ქართველი პოლიტიკოსები აფხაზურ მხარეს ხშირად სთავაზობდნენ, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში… თავად აფხაზებმა და რუსებმაც შესთავაზეს საქართველოს ეს წინადადება 1993 წელს, როდესაც პრიმაკოვმა არძიმბა თბილისში ჩამოიყვანა, მაგრამ მაშინ ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამის შემდეგ რამდენიმეჯერ კიდევ იყო ასეთი ტიპის შეთავაზება.

მაგრამ თუ ჩნდება კითხვა რატომ მაინცდამაინც ახლა გაახმოვანეს ეს წინადადება, ვფიქრობ ეს არის ერთობლივი გზავნილი ჩვენი და ჩვენი დასავლელი მეგობრების. მაგრამ რეალურად ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ამ მიმართულებით რაიმე პერსპექტივა იყოს. ამ თემაზე აფხაზური საზოგადოებაშიც არ არის საუბარი. როგორც ჩანს, ჩვენი მხრიდან ამას უკვე აქვს მყარი გზავნილის ფორმა, რომ აფხაზურმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მოისმინოს ეს წინადადება ქართული მხარისგან.- ამბობს მამუკა არეშიძე.

ზოგადად, არსებობდა ფედერალური მოწყობის ასეთი ვარიანტი – იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ფედერაციული სახელმწიფო გახდება და აფხაზეთი მის შემადგენლობაში შესვლას მოისურვებს, რეგიონს ექნება სახელმწიფოს მსგავსი წარმონაქმნის სტატუსი და გაფართოებული უფლებები. აფხაზეთს შესაძებლობა ექნება ჰქონდეს თავის კონსტიტუცია, საკანონმდებლო ორგანო, მთავრობა და ა.შ. ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელია სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფოებრიობის ოფიციალურად აღიარებაც მოხდეს.

რაც შეეხება იმას, რომ ზაქარეიშვილის შეთავაზების ადრესატი მხოლოდ აფხაზეთია, მამუკა არეშიძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ახლაც და ადრეც ხელისუფლებები აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში განსხვავებულ წინადადებს აჟღერებდნენ, სადაც აფხაზეთი ყოველთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო.

„ადრეც როდესაც იყო ამ თემაზე საუბარი, აქცენტი ყოველთვის აფხაზეთის განსაკუთრებულ ავტონომიაზე კეთდებოდა.. აფხაზეთს ძალიან მაღალი დონის ავტონომია უნდა ჰქონდა, რომლის თანახმადაც ფედერალური მოწყობის წესებს ორივე მხარე ერთად დაადგენდა. მაშინდელი ხელისუფლებებიც აფხაზეთს და ოსეთს სხვადასხვა პირობებს სთავაზობდნენ”, – განმარტავს მამუკა არეშიძე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
289 ნახვა