გიორგი მარგველაშვილი – საქართველო სატრანტიზო ფუნქციის ერთგული რჩება

მიუხედავად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისა, საქართველო სატრანტიზო ფუნქციის ერთგული რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ის, რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის ერთგული პარტნიორია, “ურთულეს მომენტებშიც” აჩვენა.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რთული ვითარება, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ კი ხორციელდება ოკუპაციის კიდევ უფრო გაღრმავების პოლიტიკა, ყოველთვის ვიყავით სატრანზიტო დერეფნის ერთგული პარტნიორები და ურთულეს მომენტებშიც ვაჩვენეთ, რომ ამ სატრანზიტო ფუნქციის ერთგულები ვართ.
საქართველო იყო და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და მზად ვართ გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე გლობალური მნიშვნელობის სხვა ისეთ საკითხებზეც ისაუბრეს, როგორიც რეგიონის სტაბილურობაა.
“ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ იმ პატივისცემაზეც, რომელსაც გამოვხატავთ ერთმანეთის მიმართ და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება საზღვრების ურღვევობის, დავების მშვიდობიანი მოგვარებისა და ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
143 ნახვა