დავით უსუფაშვილი – დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, დაუშვებელია გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაუშვებელია საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ.
“დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით. დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები. დაუშვებელია, გაგრძელდეს სასამართლოების ჩათრევა ბრძოლაში წესების გარეშე. დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა “ზეპირი მოსმენის გარეშე”) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ. დაუშვებელია, ბატონ სააკაშვილს და ბატონ ხალვაშს მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავიანთი იმთავითვე საეჭვო ურთიერთობების, გარიგებების, გადაგდება-გადმოგდებების მოგვარების პროცესში ხალხი და ქვეყანა დააზარალონ”, – აცხადებს უსუფაშვილი.
მისივე თქმით, დღეს, როგორც არასოდეს, ყველა მოსამართლის თუ საჯარო მოხელის ერთადერთი სწორი (მათ შორის, პოლიტიკურადაც სწორი) გადაწყვეტილებაა მხოლოდ კანონზე და სინდისზე დაფუძნებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სხვა არაფერი.
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ დღეს, როგორც არასოდეს, ყველა პოლიტიკოსის ერთადერთი სწორი ქმედებაა ხელი შეუწყოს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას და სხვა არაფერს.

წყარო 

მსგავსი სიახლეები
146 ნახვა