თეა წულუკიანი – მოვითხოვ, აშშ-ს საელჩომ განმარტოს, რას ნიშნავს “ღამით მოხდა მოვლენები”

საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს კითხვები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის მიერ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მინისტრი განმარტებას ითხოვს, თუ რა იგულისხმება აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ პროცესები ღამით განვითარდა და მას პოლიტიკური შინაარსი აქვს.
“მართლაც მეხერხება განაჩენების წერა, მაგრამ ამას ვაკეთებდი სტრასბურგში. მე რომ ურთმელიძე ვყოფილიყავი კიდევ უფრო კარგ გადაწყვეტილებას დავწერდი, მაგრამ არც ეს გადაწყვეტილება გამოიყურება ცუდად და რაც მთავარია ის არ არის ანტიკონსტიტუციური. კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განმარტოს რას ნიშნავს “ღამით მოხდა მოვლენები”. სასამართლო გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში შემოვიდა 18:00 საათზე და დღეს დილით 09:20 საათზე რეგისტრაციაში გატარდა, მინდა ხელი დამიდონ დოკუმენტზე რა არის ღამე მომხდარი,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2”-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის განცხადებაში, რომელიც “რუსთავი 2”-ის გარშემო 5 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება.
“აშშ-ის საელჩო უაღრესად შეშფოთებულია “რუსთავი 2″-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუა ღამეს განვითარებული მოვლენებით. სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა – მიჩუმდეს.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ მთავრობას, დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რას ამ მისწრაფებათა განუყოფელი ნაწილია. ამავე დროს, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას”, – ნათქვამია იან კელის განცახდებაში, რომელიც აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელდა.

წყარო

 

მსგავსი სიახლეები
299 ნახვა