აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ევროკავშირის წარმომადგენლობა და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელები “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
დიპლომატიური კორპუსი განცხადებაში “რუსთავი 2”-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა პოლიტიკურ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისა თუ განცხადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას.
“ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებთან და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, გამოხატავს შეშფოთებას “რუსთავი 2”-ში ახალი მმართველების დანიშვნის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს ახლახან მიღებული დროებითი გადაწყვეტილებისა და “რუსთავი 2″-ის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არსებითი განაჩენის ფონზე, რომელიც განაჩენის დაუყოვნებელ აღსრულებას არ ითვალისწინებს, 5 ნოემბერს მიღებული პრევენციული ზომები წარმოშობს სერიოზულ კითხვებს საქართველოში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით. ჩვენმა საელჩოებმა არა ერთხელ საჯაროდ განაცხადეს, რომ მედიის თავისუფლება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა დემოკრატიის მნიშვნელოვანი საფუძველია. დემოკრატიულ საზოგადოებებში განსხვავებულ მოსაზრებებს ხელი უნდა შეეწყოს. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯისა, თუ განცხადებისგან, რომელმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს ქართულ მართლმსაჯულებას, აღნიშნული საქმე მიუკერძოებლად განსაჯოს. მთავრობამ და მართლმსაჯულების ინსტიტუტებმა უნდა დაიცვან მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები, რომელიც საქართველოს გაცხადებული მისწრაფებების განუყოფელი ნაწილია. გავაგრძელებთ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, კვლავ გავუზიარებთ წუხილს ყველა შესაბამის მხარეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
173 ნახვა