2017 წლამდე თანამდებობის პირებისთვის პრემიების შეზღუდვის ინიციატივა პარლამენტმა ჩააგდო

მაღალი რანგის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ პრემიის აღების შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში ჩავარდა. დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, პარლამენტმა მეორე მოსმენით განხილვისას ჩააგდო. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ინიცირებულ ცვლილებებს მხოლოდ 44-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით პროექტი ვერ გავიდა.   კენჭისყრამდე პარლამენტს დეპუტატმა გიორგი კახიანმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. კახიანის თქმით, იდეა კარგია, ინიციატივის პათოსს მიესალმება, მაგრამ მისთვის მხარი პარლამენტს არ უნდა დაეჭირა, რადგან საკითხი კომპლექსურ მოწესრიგებას საჭიროებს.   კახიანის ინფორმაციით, ყველა იმ თანამდებობის პირს, რომელსაც ინიცირებული კანონპროექტი ეხება, ბოლო ცხრა თვის განმავლობაში, პრემიის სახით, ჯამში 1 316 762 ლარი აქვს აღებული. მისივე განცხადებით, გაცემული პრემიების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ თვითმმართველობებზე – კერძოდ, საკრებულოს თავმჯდომარეებზე, მერებსა და გამგებლებზე მოდის, რომელთა მიერ 9 თვის განმავლობაში აღებული პრემიების ჯამური თანხა 630 ათასს ლარს შეადგენს.   “თეორიულად შესაძლებელია, რომ მართლაც შეიზღუდოს პრემიები, მაგრამ თანამდებობის პირებმა თანხა დამანატების სახით აიღონ. ჩვენ არ ვიღებთ პრემიებს, სამაგიეროდ ვიღებთ დანამატებს. კი ბატონო, თანამდებობრივი სარგო გვაქვს მცირე, მაგარამ ამის რეაბილიტაცია შეიძლება დანამატებით ხდებოდეს. ასეა თითქმის ყველგან. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით რეფორმა უნდა განხორციელდეს, საკითხი უნდა მოწესრიგდეს და კომპლექსური მიდგომით გადაიჭრას”, – განაცხადა კახიანმა.   დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის ბოლომდე(“საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონის ძალაში შესვლამდე), პრემიის მიღების უფლება შემდეგ თანამდებობის პირებს უჩერდებოდათ: საქართველოს პარლამენტის წევრებს, მინისტრებს და მის მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრებს და მათ მოადგილეებს; მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელებს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრებს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრებს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; გუბერნატორებს და მის მოადგილეებს; მოსამართლებს; მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს; იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს; საკრებულოს თავმჯდომარეებს, მერებსა და გემგებლებს. ჯამში, საუბარი იყო 746 თანამდებობის პირზე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
145 ნახვა