ფსიქიატრები ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ

„როგორ მიხვდეს პაციენტი ვის უნდა მიმართოს – ნევროლოგს თუ ფსიქიატრს, მაშინ როცა თუ ორივე პროფესია თანაბარი უფლებებით ისარგებლებს?” – ამ არჩევანის წინაშე, შესაძლოა ყველა ის ადამიანი დადგეს, ვისაც ამ სპეციალისტების დახმარება სჭირდება.

საქმე იმაშია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიის კომპეტენციები სხვა სპეციალობის ექიმებსაც, კერძოდ, ნევროლოგებსაც განესზღვრათ. ნევროლოგებისგან განსხვავებით, ფსიქიატრები ამ ახალ რეგულაციას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ პრობლემები პაციენტებსაც შეექმნებათ.

ამ კვირაში ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიატრებისა და ნევროლოგების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. სერგეენკოს უწყებაში იმედოვნებენ, რომ ორივე პროფესიის წარმომადგენლები შეთამხდებიან, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტს შეიმუშავებენ და მინისტრი ბრძანებას ხელს მოაწერს. სავარაუდოდ, სამინისტრო უკან დახევასა და ფსიქიატრების მოთხოვნის – ნევროლოგებს ფსიქიატრის ფუნქციები ჩამოართვან – დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ფსიქიატრების მტკიცებით ჯანდაცვის სამინისტრომ 15 ივლისს გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ მათთან კონსულტაციაც კი არ გაუვლიათ. შედეგად ფსიქიატრებმა ჯანდაცვის სამინისტროს პეტიციით მიმართეს, სადაც ამ ორი სპეციალობის კომპეტენციის გამიჯვნას ითხოვენ. ფსიქიატრები ამბობენ, რომ ნევროლოგებს ფსიქიური და ქცევითი აშლილობების სამკურნალოდ კომპეტენცია არ ეყოფათ. ისინი შიშობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფსიქიატრიას დააზარალებს.

ფსიქიატრების პრეტენზიები

„პოლიტკომერსანტთან” საუბარში საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების თავმჯდომარე ეკა ჭყონია ამბობს, რომ პეტიციის გაგზავნის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ნევროლოგებთან შეხვედრა და პოზიციების შეჯერება შესთავაზეს. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე ესწრებოდნენ. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნაც.

„რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სამინისტრო ამ პროფესიის ადამიანებს ერთმანეთთან გვაპირისპირებს. რაც გაუგებარია. ეს რეგულაციის საკითხი უნდა იყოს და არა კამათის, მაგრამ ვნახოთ ეს შეხვედრა რას მოგვცემს… ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვა და მკურნალობა ყველანაირი სტანდარტით ფსიქიატრს ევალება და არა ნევროლოგს. როგორ მიხვდეს პაციენტი ვის უნდა მიმართოს – ნევროლოგს თუ ფსიქიატრს? თუ ორივე პროფესია თანაბარი უფლებებით ისარგებლებს, მაშინ რეზიდენტურაში კონკრეტული პროფილის სწავლას აზრი ეკარგება. რეზიდენტურაში ნევროლოგები და ფსიქიატრები ცალ-ცალკე პროგრამას სწავლობენ, შესაბამის პაციენტებთან მუშაობენ და სალიცენზიო გამოცდასაც აბარებენ… ახალ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ფსიქიკური აშლილობების მართვა და მკურნალობა ნევროლოგსაც შეუძლია. თუკი შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრო, ნევროლოგია ისწავლო და შემდეგ ფსიქიურ აშლილობასაც უმკურნალო, მაშინ გამოდის, რომ ფსიქიატრია, როგორც ცალკე დარგი აღარ უნდა არსებობდეს?!
მსგავსი პრაქტიკა არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს. რა თქმა უნდა, აფრიკის ქვეყნებს არ ვგულისხმობ, სადაც ზოგადად ექიმის პრობლემაა. ასეთ დროს შეიძლება პარამედიკოსი მოამზადო და ნებისმიერი დაავადების მართვა დაავალო. თუმცა, ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც რეზიდენტურა და შესაბამისი პროგრამები გვაქვს. ამიტომ, ეს თემა ლოგიკაში არ ჯდება”, – ამბობს ჭყონია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო აღნიშნულ ცვლილებას დაამტკიცებს, ფსიქიატრიას დამატებითი პრობლემები შეექმნება. „კადრების, სტაციონარების პირობების, სერვისებისა და წამლის მომარაგების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები გვაქვს. ფაქტობრივად, ყველგან პრობლემაა. დღევანდელი მდგომარეობით, ფსიქიატრიაში თემა არ არსებობს, სადაც პრობლემა არ არის… ერთი წლის წინ სახელმწიფომ ფსიქიატრიაში სტრატეგიული განვითარების გეგმა მიიღო – ჰუმანური სისტემის შექმნასთან ერთად, განისაზღვრა აუცილებელი სერვისების განვითარება, შეიქმნა მობილური ჯგუფები და სხვა. თითქოს რაღაცეები წინ მიდიოდა, იგრძნობოდა, რომ სახელმწიფომ ამაზე ზრუნვა დაიწყო, მაგრამ ამის პარალელურად ძალიან ცუდი რაღაც ხდება, რაც ფსიქიატრიის განვითარებას სერიოზულად შეაფერხებს.” – ამბობს ჭყონია.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარინა დარახველიძე „პოლიტკომერსანტთან” ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი მოსაზრების გამოხატვა შეეძლო. თუმცა, დარახველიძის თქმით, მაშინ ფსიქიატრებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. „ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ მათ მოვუსმინოთ. ნევროლოგებმა და ფსიქიატრებმა პროფესიული კომპეტენციები უნდა განიხილონ, რათა კონსენსუსს მივაღწიოთ და დანართში შესაბამისი ცვლილებები შევიტანოთ, რომელსაც შემდეგ მინისტრი ბრძანების სახით დაამტკიცებს”, – ამბობს დარახველიძე. „პოლიტკომერსანტის” კითხვაზე – ეს ცვლილება ფსიქიატრიას დააზარალებს თუ არა, პასუხი ვერ მივიღეთ. ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვერც იმაზე გვიპასუხა, მსგავსი პრეცედენტი სხვა ქვეყნებში თუ არსებობს. „სხვადასხვა ქვეყანას თავისი განსაზღვრული მმართველობა აქვს. შეიძლება საზღვარგარეთის ქვეყნებში ასეთი კომპეტენციის ჩამოყალიბებული დოკუმენტები საერთოდაც არ არსებობს… მაგრამ ყველა სპეციალობის ექიმმა იცის მისი პროფესიული კომპეტენცია და იმ მიმართულებით მუშაობენ. ჩვენ სწორედ ეს ავიღეთ და დოკუმენტის სახით შევქმენით, რაც უფრო მოხერხებული იქნება, როგორც ექიმისთვის, ასევე, მისი მაკონტროლებლისთვის”, – ამბობს დარახველიძე.

წყარო

მსგავსი სიახლეები
139 ნახვა