ISIS-თან შესაძლო კავშირში ბრალდებულთა დაკავების დეტალები – ,,სპესამსახურებს ეს გამოძიება ახლა არ დაუწყიათ”

„დილის ხუთ საათზე სახლის კარები შემოამტვრიეს და შემოცვივდნენ. ჩემი შვილი მეორე სართულზე იყო, ეძინა. ხმაურზე ქვემოთ ჩამოვიდა და მაშინვე დააკავეს. შემდეგ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ორი ხელყუმბარა და დროშები ამოიღეს, რომელიც თვითონვე მოიტანეს. ეს ნივთები ჩემს შვილს არ ჰქონდა, ჩაუდეს. ჩემს შვილს ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს. მას ცრუ ბრალდება წაუყენეს, „ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირი არ აქვს… ჩემი შვილი იმიტომ დააკავეს, რომ ჩემი ძმისშვილი მერაბ ირემაძე „ისლამურ სახელმწიფოს” წევრია და იმ ცნობილ ვიდეო მიმართვაშიც ჩანს, სადაც საქართველოს ემუქრებიან… მერაბი სირიაში აგვისტოში წავიდა, ის და ჩემი შვილი ერთად გაზრდილები არიან… ჩემი ძმა გაბრაზდა, მარტო მერაბი, რომ წავიდა, ჩემს შვილზე თქვა, ის რატომ არ წავიდაო და ცხელ გულზე ჩემს ბიჭს დაადო ხელი… არადა, რაც მერაბი წავიდა, მასთან ერთხელაც არ გვისაუბრია. პირიქით, მასთან დაკავშირებას ვცდილობდი, რომ შინ დაბრუნება მეთხოვა”, – ამბობს „პოლიტკომერსანტთან” საუბარში „ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებული მირიან ბერიძის დედა – ნათელა ანთაძე.

ანალოგიური ბრალდებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ათამდე ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან დღეს დაპატიმრებული – ლაშა გობაძე, ჯამბულ აბდულაევი და გია ბ. ისინი ბრალდებას არ ეთანხმებიან და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

კიდევ ერთი დაკავებულის, ლაშა გობაძის დედის – მზევინარ გობაძის თქმით, ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მათ სახლში იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს” დროშა ჩაუდეს. „დილის 6:00 საათზე ფეხით შემოამტვრიეს კარი. როცა მოვიდნენ, თქვეს, ჩხრეკა გვაქვსო. გავაფრთხილე, რომ სახლში ყურანის მეტს ვერაფერს იპოვიდნენ. ვუთხარი, რომ რამე არ დამიდოთ და შვილი არ დამიღუპოთ-მეთქი. 30 კაცი იყო მოსული, მძინარე ლაშა გააღვიძეს და წაიყვანეს, სახლიდან კომპიუტერის პროცესორი და ტელეფონები წაიღეს. რაც ჩემი დისშვილი, ხვიჩა დააკავეს, ვშიშობდი ჩვენც არ შეგვხებოდნენ. დეიდაშვილები იყვნენ და ვიცოდი, რომ ჩემს შვილსაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან 24 საათი ერთად იყვნენ… ჩემი შვილი დამნაშავე არ არის. ის ყურანსაც კითხულობდა და ბიბლიასაც და ამბობდა, რომ მათ შორის ბევრი საერთო იყო”, – განაცხადა მზევინარ გობაძემ.

მისივე თქმით, ლაშა გობაძე ერთ-ერთ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა და თბილისელი უფროსი ჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მენეჯმენტზე სწავლობდა, მერე დაცვაში მუშაობდა, შემდეგ უკრაინაში წავიდა და მალევე დაბრუნდა.

პარიზული ტერაქტებისა და საქართველოს მისამართით ISIS-ს სახელით გავრცელებული მუქარის შემდეგ, ექსპერტები ქართველი სპეცსამსახურების მხრიდან კონტროლის გამკაცრებასა და უსაფრთხოების დაცვის საგანგებო ზომების მიღებაზე აპელირებენ. მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის თქმით, ჩვენი სპეცსამსახურები სათანადოდ მომზადებულები არ არიან, რაც შედეგებზეც აისახება.

ბოლო დღეების განმავლობაში კი, სურათი აშკარად შეიცვალა – რით აიხსნება ქართველი სპეცსამსახურების გააქტიურება? – „პოლიტკომერსანტთან” საუბარში – „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების კვლევით ცენტრის” წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ასეთი გააქტიურება საქართველოს მიმართ ISIS-ს მუქარამ გამოიწვია. „ეს აქტიურობა ახლა ჩანს, რადგან სპეცსამსახურების მუშაობამ რაღაც შედეგებს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს გამოძიება ახლა არ დაწყებულა… ბუნებრია, პარიზის ტერაქტების სერიამ, „ისლამური სახელმწიფოს” გააქტიურებამ, მათ შორის, საქართველოს მისამართით გავრცელებულმა მუქარებმა თავისი გავლენა იქონია და ამ ფონზე ჩვენი სპეცსამსახურების მუშაობაც გამოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ სპეცსამსახურებმა პრევენციის მიზნით აქტიური მუშაობა გააგრძელონ”, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

სასამართლომ „ისლამურ სახელმწიფოსთან” შესაძლო კავშირის გამო დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, დაკავებულს ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარება. საქმეზე კი გამოძიება გრძელდება, რაც შეეხება დაკავებულების უდანაშაულობასთან დაკავშირებით მათი ახლობლების განცხადებებს, სავარაუდოდ ეს საკითხიც გამოძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
181 ნახვა