ზაზა ფირალიშვილი – ,,ნაციონალებს” და ხელისუფლებას პოლიტიკური ცხოვრება ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაჰყავთ, რაც შეიძლება, დრამატული შედეგების აღმოჩნდეს

მედიასაშუალებებში უკანასკნელ პერიოდში განვითარებული პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება, “რუსთავი-2” და მის უკან მდგომი პოლიტიკური ჯგუფი ქვეყნის საინფორმაციო სივრცესთან მიმართებაში თავის გრძელვადიან პოლიტიკას ატარებს. ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური კითხვა ასეთია – მონაწილეობს თუ არა ხელისუფლება მედიათამაშებში? როგორია ამ ეტაპზე ხელისუფლებისა და “ნაცმოძრაობის” მიზანი და ბრძოლის ტაქტიკა, თუ სტრატეგია?
– თუ გავყვებით ლოგიკას, თუ ვის შეიძლება ეს ხელს აძლევდეს, ხელისუფლება ბუნებრივად აღმოჩნდება ეჭვმიტანილის მდგომარეობაში. თავს ავარიდებდი, ეს ეჭვი დადასტურებულ ფაქტად განმეცხადებინა. საქმე მხოლოდ ოპოზიციური მედიის დევნას არ შეეხება. საქმე უფრო შორს მიდის. გარე თვალისათვის მიმდინარე მოვლენები უეჭველ ნიშანად შეიძლება იქცეს, თუ რამდენად შორს ვართ ევროპული ღირებულებებისაგან და ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება სწორედ ამ სიშორეს განასახიერებს. გარდა ამისა, ისეთი შთაბეჭდილებაც შეიძლება შეიქმნას, რომ ხელისუფლებაში პუტინისტურმა ძალებმა იძალეს და ისინი მიზანდასახულად ქმნიან არგუმენტებს დასავლეთისაკენ ჩვენი სვლის შესაბრკოლებლად და, რომ ევროპასთან დაახლოების დეკლარირებული კურსი მხოლოდ მოცემული მომენტის ფასადია მათ ხელში.
მოგეხსენებათ, ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გამოტანისათვის სერიოზული არგუმენტებია საჭირო. ამიტომაც ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნიშნისმოგებით კი არ უნდა ილაპარაკონ “რუსთავი-2”-ზე, როგორც “ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, რითაც კიდევ უფრო აძლიერებენ ეჭვებს, არამედ უნდა იზრუნონ ჩვენი პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ პოლიტიკური მოტივებით დევნასთან არ გვაქვს საქმე. თავის მხრივ, ამ სიტუაციაშიც ზედმეტად სწორხაზოვანი ჩანს “ნაცმოძრაობის” სტრატეგია, “რაც უარესია, მით უკეთესის” პრინციპზე რომ აიგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ რამდენიმე ხანში უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაწყდეს და ვერავითარი პოლიტიკური აზარტი ვერ გაამართლებს ამისთვის ხელის შეშლას.
მე მაინც მოვლენების განვითარებას დაველოდებოდი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც არის ბანალური ბრძოლა ქონების გადანაწილებისათვის და თუ ხელისუფლებას რაიმე წვლილი მიუძღვის, ჯერ მხოლოდ მისი იმ წარმომადგენლების სახით, ვისთვისაც მედია საშუალების არაობიექტურობა მისი დახურვის საფუძველი შეიძლება იყოს. თურმე, ჩვენი პარლამენტის უმრავლესობაში ასეთებიც ყოფილან. როგორც ჩანს, ისინი, ნებსით თუ უნებლიედ, იმ დროში გვიპირებენ მიბრუნებას, როდესაც ერთადერთი “ბოლომდე ობიექტური” და მისაღები გაზეთები “პრავდა”, “კომუნისტი” და ჩინური “ჟენმინ ჟიბაო” თუ იქნება. სწორედ ასეთებმა გააძლიერეს ეჭვი ხელისუფლების მიმართ და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის გარეთაც.
ხელისუფლებაც არ აღმოჩნდა მზად ამ ბრალდებისათვის და თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა. მისი ზოგი წარმომადგენელი კმაყოფილიც არის “რუსთავი-2”-ის წინააღმდეგ არსებული აგრესიით.
მართლაც, “რუსთავი-2”-მა მოახერხა და ბოლო წლების განმავლობაში დაიმსახურა ამგვარი დამოკიდებულება. იგი ყოველთვის განზე იდგა მთელი დანარჩენი მედია საშუალებებისაგან, წარმოადგენდა სრულიად ცხად და ძლიერ ინსტრუმენტს წინა ხელისუფლების ხელში. ვერ გავიხსენებთ შემთხვევას, როდესაც მისმა ჟურნალისტებმა რაიმე სახით მაინც სოლიდარობა გამოუცხადეს “ნაციონალების” მიერ დევნილ მედიას. ბუნებრივია, რომ ეს ბევრს, მათ შორის, მათ კოლეგებსაც შურისძიების გრძნობას უღვიძებს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფერი ამისა, დევნას, თუ ეს ფაქტია, არავითარი გამართლება არ აქვს. თუ ხელისუფლება რაიმე უარყოფით როლს იქონიებს “რუსთავი-2”-ის შემდგომ ბედზე, იმასაც წინასწარ უნდა შევეგუოთ, რომ მალე ეს გავლენა მთელს მედიაზე გავრცელდება. ამდენად, აქ საქმე სულაც არ შეეხება “რუსთავი-2”-ის დაცვას. მე მას არ ვუცქერდი და არც მომავალში ვაპირებ. მისი დღევანდელი მესვეურების განცხადება ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის დათრგუნვის შესახებ, სულ მცირე, უხერხულია. და მაინც, ამგვარ პროცესებს ძლიერი ინერციის და მძიმე შედეგების გამოწვევა ძალუძთ.
წლებია, ვხედავთ, თუ როგორ ამახინჯებს ეს ტელევიზია საინფორმაციო სივრცეს, როგორ ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ მართოს საზოგადოებრივი აზრი. თუ დამიჯერებთ, უკვე წლებია, “რუსთავი-2”-ის საინფორმაციო გადაცემებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ვუყურებ. ვფიქრობ, ესაა ერთადერთი ფორმა, რომლითაც თავისუფალმა საზოგადოებამ შეიძლება გამოხატოს ტელეკომპანიის მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. საბედნიეროდ, არსებობს პულტი და შეგვიძლია სხვა არხზე გადავრთოთ და ამით მისი სარეკლამო ბაზარი მინიმუმზე დავიყვანოთ. თუ ჩვენს პროტესტს ასე გამოვხატავთ, უფრო სამართლიანი და ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის ნაკლებად მავნებელი იქნება. თანაც ჩვენისთანა პატარა ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენია აბსოლუტური აზრით დამოუკიდებელი და ობიექტური მედია. ეს უკანასკნელი დიდ მედიაბაზარს გულისხმობს და ასეთი ჩვენ, ჩვენი სიმცირის გამო არ გაგვაჩნია. დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის რაღაც ხარისხს უპირატესად კონკურენცია უზრუნველყოფს. სმენელისა, თუ აღმქმელის კულტურაც სწორედ ამგვარ ვითარებაში იხვეწება და არა “სრულიად ობიექტური” მედიის გარემოცვაში. “რუსთავი-2”-ის შენარჩუნება თუნდაც საამისოდ არის საჭირო.
– სადავო არ უნდა იყოს, რომ “ქართული ოცნების” 3-წლიანი მმართველობის პირობებში თუ რაიმე სფეროში სერიოზულ წინსვლაზე შეიძლება იყოს საუბარი, ეს საინფორმაციო სივრცეში შესამჩნევი პლურალიზმია. ხელისუფლება არ ცდილობს მედიასაშუალებებზე ტოტალური კონტროლის დამყარებას. მეტიც, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას საერთოდ აქვს უარი ნათქვამი ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკაზე. ასეთ ვითარებაში, საარჩევნო წელს “რუსთავი-2” საზოგადოებრივი აზრისა და პოლიტიკური განწყობების შექმნაში რომ მმართველი გუნდისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ფაქტია. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ხელისუფლება საარჩევნო წელს საინფორმაციო სივრის “მოსუფთავების პოლიტიკას” ატარებს. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას არც უცდია, რომელიმე მედიასაშუალებას მასზე ემუშავა, არც თავისი მძლავრი მედიასაშუალების შექმნა უცდია, უპრიანია , კითხვა ასე დაისვას – თუ ოპოზიციის ბრალდება საფუძვლიანი და მართებულია, ვისთვის ხდება საინფორმაციო სივრცის “მოსუფთავება”?
– ჩვენი საინფორმაციო სივრცის, როგორც თქვენ თქვით, მოსუფთავების შემთხვევაში რჩება ერთადერთი ძალა, რომელსაც მისი შევსება შეუძლია. ესაა პუტინისტური პროპაგანდა და მის ექსპანსიას უკვე თვალნათლივ ვხედავთ. საინფორმაციო სივრცის შევსებას და საინფორმაციო ინიციატივის ფლობას, სურვილთან ერთად, სათქმელიც უნდა, რაღაც პოზიტიური მსოფლმხედველობა, რომელზეც ხელისუფლება სახელმწიფოებრივ ცხოვრებას დააფუძნებდა. ხელისუფლებას სწორედ ამის დეფიციტი აქვს. “ნაციონალების” წინააღმდეგ ბრძოლა და პოლიტიკური აზრის ეკონომიკურით ჩანაცვლება, მით უფრო ეკონომიკური სტაგნაციის ფონზე, ვერ იქნება იდეოლოგია. ჰოდა, ასე ჩნდება ვაკუუმი, რომელსაც უკვე ნახსენები ძალები ავსებენ.ვიმეორებ – როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, დღევანდელ მმართველ გუნდში არიან ადამიანები, ვინც საბჭთა კრიტერიუმებით აფასებს მედიის მუშაობას. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ნებსით თუ უნებლიედ, ისინი ჩვენი ევროიინტეგრაციის საწინააღმდეგო არგუმენტებს ქმნიან.
– თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია ალბათობა, რომ “რუსთავი-2”-ის კუთვნილებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ქვეყანაში სერიოზული დესტაბილიზაციის საბაბიც და საფუძველიც გახდეს?
– “ნაციონალები” “ნავის დარწევის” სტრატეგიას ადგანან. თავის მხრივ, ხელისუფლება ცდილობს, თავის მომხრეებში “ნაციონალებთან” დაპირისპირების აზარტი შეინარჩუნოს. ორივეს ჩვენს საშინაო პოლიტიკური ცხოვრება ცივი სამოქალაქო ომის რეჟიმში გადაჰყავს და ირაციონალურ საზოგადოებრივ ვნებებს უხსნიან გზას, რაც ჩვენთვის დრამატული შედეგებისა შეიძლება აღმოჩნდეს.
სამწუხაროდ, არც ერთი და არც მეორე არ ცდილობს, გაიაზროს, თუ როგორი დამღუპველია ეს ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობისათვის. სამწუხაროდ, “ნავის დარწევა” ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილისათვის დღემდე დარჩა პოლიტიკურ ცვლილებათა უნივერსალურ მოდელად. ჩვენს პოლიტიკოსებს საზოგადოების მართვა რადიკალური განწყობების ფონზე ურჩევნიათ – როდესაც წინა პლანზე ექსტრემისტული განწყობები გამოდის და რაციო დუმს. “ნაცმოძრაობის” ლიდერებმაც იმის ნაცვლად, რომ გაიაზრონ, თუ რა იყო 2012 წელს მათი მარცხის მიზეზი, სიტუაციის ესკალაციას ცდილობენ. არაერთხელ თქმულა, რომ დღევანდელი “ნაცმოძრაობა” ამით მხოლოდ იმას თუ ახერხებს, რომ მომგებიან პოლიტიკურ ფონსს უქმნის “ოცნებას.” რომ არა “ნაციონალების” აქტიურობა, გაცილებით უფრო აშკარა იქნებოდა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომებიც და მისი ბევრი წარმომადგენლის უკეთურობაც. თუნდაც ნეპოტიზმი, პასიურობა, სახელფასო დანამატებისა და პრემიების ისტორია უკვე კარგახნის წინ იქცეოდა პოლიტიკური პროტესტის მიზეზად. თუ “ნაციონალები” ვერ მოძებნიან საკუთარი წარსულის გადახედვისა და განახლების რესურსებს, თავისი ჰიპერაქტიურობით მხოლოდ თუ შეაბრკოლებენ ჩვენს პოლიტიკურ განვითარებას, ხოლო “ნავის დარწევა” მხოლოდ იმას თუ მოიტანს, რომ, ადრე თუ გვიან, მათი მომხრეების ოდენობა რაღაც მნიშვნელზე დავა და გაჩერდება. ასეთი რამ პირველად არ ხდება ჩვენს პოლიტიკურ სამყაროში. მათ მიერ განწყობათა რადიკალიზების მცდელობას დავუმატოთ სახელისუფლო ლოზუნგი – “შუა უნდა გაიკრიფოს” და იოლი წარმოსადგენია, რა სურათს მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ერთი წუთით გავიხსენოთ, თუ როგორი აგრესია და ექსტრემიზმი ცდილობს სოციალურ ქსელებში გაბატონებას. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თავისი ე.წ. “ტროლების” მეშვეობით ცდილობენ მის გაღვივებას. თუ ასე გაგრძელდა, “შუას გაკრეფის” პროცესი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან თავის კულმინაციას არჩევნებისათვის მიაღწევს. შემთხვევითი არ არის, რომ მავანი პოლიტიკოსების პირიდან სამოქალაქო ომის იდეამ გაიჟღერა. ის, რაც ჩვენს ინტერნეტსივრცეში ხდება, უკვე ძალიან ჰგავს სამოქალაქო დაპირისპირებას. ეს კარგად უნდა გავიაზროთ. თოფის სროლა არ არის აუცილებელი საიმისოდ, რომ ქვეყანაში საღი აზრი დადუმდეს.
– რამოდენიმე დღის წინ, “დიპლომატების კლუბმა” მეტად საგულისხმო განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კრიტიკულადაა შეფასებული გაერო-ში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა. განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ “საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი და მეორე პირის ახალი დანიშვნები პოლიტიკური ინტერესის ეკონომიკურზე გაცვლის ნათელი მესიჯია საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნებისათვის”. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა პოლიტიკური ინტერესის ეკონომიკური ინტერესის გაცვლაზე შეიძლება იყოს საუბარი?
– ვერ ვიტყვი, რომ რუსეთისათვის სულ ერთია, რას იტყვის მის შესახებ თუნდაც ჩვენისთანა მცირე ქვეყნის წარმომადგენელი. გავიხსენოთ, რომ საქმე გვაქვს არა ბრიტანულ იმპერიალიზმთან, რომელიც, ასე თუ ისე, რაციონალურ პრინციპებზე იყო აგებული, არამედ – რუსულთან, რომელიც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ იყო და დღემდეა კრიმინალურ მორალზე დაფუძნებული. კრიმინალური მორალი კი მგრძნობიარეა მსგავსი მოვლენების მიმართ, სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს მათ. გავიხსენოთ, რომ სულ მცირე ხნის წინ რუსეთში ჩვენ აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდ მტრად მივაჩნდით. “ლევადა ცენტრის” გამოკითხვების მიხედვით, რუსული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მუსლიმები ვართ და ჩვენი მოსახლეობა 30 მილიონს აღწევს. კრემლის მესვეურები საგანგებოდ ბერავდნენ ჩვენს მნიშვნელობას და ეს პროცესი ბოლოს ხანმოკლე და “ძლევამოსილი” ომით დააგვირგვინეს 2008 წელს. იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის ლიდერები უკვე აშკარად სვამენ საკითხს გავლენის სფეროების ახალი გადანაწილების შესახებ, რადიკალურმა ანტირუსულმა რიტორიკამ შეიძლება ჩვენთვის გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს. მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს დიპლომატიური ძალისხმევის შესუსტებას. პირიქით.
რაც შეეხება პოლიტიკური ინტერესის ეკონომიკურზე გაცვლას, მსგავსი ტენდენცია უკვე დიდი ხანია, იგრძნობა. როგორც ჩანს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღემდე რჩება “ქართული ოცნების” რეალურ ლიდერად, სახელმწიფოს მისთვის ნაცნობ ბიზნესკატეგორიებში განიხილავს, ეს ბუნებრივიცაა მისი წარსულიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩვენს დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაში ეს გარკვეულწილად გამართლებულიცაა, თუმცაკი მოიცავს საფრთხეს, რომ ეკონომიკური ინტერესები პოლიტიკურს გადაფარავენ. ვფიქრობ, სწორედ ამ საფრთხის შესახებ არის საუბარი “დიპლომატთა კლუბის” განცხადებაში. ეკონომიკა ძალზე მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთი მხარეა სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა.
– ემიგრაცია ხელისუფლებისაგან ორმაგი მოქალაქეობის დაშვებასა და არჩევნებში მონაწილოების უფლების დაბრუნებას ითხოვს. ამ თემაზე იყო საუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით პარლამენტში გამართულ კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობა საგარეო საქმეთა ექსმინისტრმა სალომე ზურაბიშვილმაც მიიღო. ეს საკითხი პრეზიდენტ მარგველაშვილის წინაშე ასევე დააყენეს აშშ-ში მცხოვრებმა ემიგრანტებმა. თქვენი აზრით, შეძლებს ხელისუფლება არჩევნებამდე გადაუწყვიტოს ემიგრანტებს ეს პრობლემა?
– ჩვენი ემიგრანტების მიმართ სწორი პოლიტიკის გამომუშავება გვჭირდება არა მხოლოდ დემოგრაფიული მიზეზებით და არა მხოლოდ იმის გამო, რომ უკვე წლებია, მიმდინარეობს ნიჭიერი და უნარიანი ადამიანების გადინება ქვეყნიდან. ამასთანავე, ეს ადამიანები დასავლეთის ქვეყნებში სწორედ იმ სოციალურ ჩვევებს იძენენ, რომელთა დეფიციტმაც დიდად განსაზღვრა ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. უნდა ვაღიაროთ, რომ სავალალოდ გვაკლია შრომის კულტურა, საზოგადოებრივი სოლიდარობის გრძნობა, საკუთარი სასიცოცხლო გარემოზე ერთობლივი ზრუნვის უნარი. ამდენად ისინი წარმოადგენენ ძალზე დიდ და მნიშვნელოვან სოციალურ რესურსს და ამ რესურსის ამოქმედებაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი მომავალი. მაგალითისათვის ვიტყვი, რომ ბალტიისპირელების თუ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების შედარებით იოლი ადაპტაცია ახალ ისტორიულ პირობებთან სწორედ ამ რესურსმა განსაზღვრა. საბჭოთა ეპოქაში იუგოსლავალებს ასი ათასამდე შრომითი მიგრანტი ჰყავდა დასავლეთ ევროპაში.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ საქმე არ უნდა შემოისაზღვროს ორმაგი მოქალაქეობის დაკანონებით. აუცილებელია საგანგებო სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გამოვიყენოთ ამ ადამიანების ცოდნა და გამოცდილება.
რაც შეეხება, შეძლებს თუ არა ხელისუფლება არჩევნებამდე ამ პრობლემის გადაჭრას, ვფიქრობ, რთული პროცესი იქნება. ძნელი წარმოსადგენია, ვინმე ასე იოლად დათანხმდეს ქვეყნის ელექტორალური სურათის მნიშვნელოვან შეცვლას. მოგეხსენებათ, როგორც სძლევს ხოლმე ჩვენში მოცემული მომენტის ინტერესები ისტორიულს და სახელმწიფოებრივს.
– გასულ კვირას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს ხმაურისა და აურზაურის გარეშე არ ჩაუვლია. უამრავი ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევის საკითხში ისევე იმოქმედა, როგორც თავის დროზე – “ნაცმოძრაობამ”. სამწუხაროდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება წინა ხელისუფლების დემოკრატიულობის სამარცხვინო ფურცელი, როცა ფედერაციის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის პრეზიდენტმა დაურეკა და პრეზიდენტობა გადააფიქრებინა. თქვენი აზრით, რატომ ვერ, თუ არ ამბობს უარს მმართველი კოალიცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში იგივე შეცდომები არ გაიმეოროს, რაც მათმა წინამორბედებმა?
– როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია ასე გულმოდგინედ ცდილობენ კულტურის, სპორტის, განათლების ან ჯანდაცვის პოლიტიზებას, ეს მხოლოდ მათი მსოფლმხედველობის კონცეპტუალურ სიღატაკეზე მიუთითებს. ეს ის სფეროებია, რომლებიც ავტონომიურად უნდა ვითარდებოდეს და მინიმალურად უნდა იყოს პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებული. მათი პოლიტიზება იმის ნიშანია, რომ ძალაუფლების ინტერესები ბევრ სხვა სასიცოცხლო ინტერესს ფარავს. ალბათ, ბევრ ახსნას არ საჭიროებს, რომ ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა.
სამწუხაროა, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება წინას შეცდომებს იმეორებს. ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ მან თითქოს ვერ შეძლო რაღაც სხვა და განსხვავებული შემოეთავაზებინა ჩვენთვის. იმ სფეროებშიც კი, სადაც იგი ძველის შეცდომებს არ იმეორებს, ხშირად სრულ პასიურობას და უმწეობას ავლენს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
159 ნახვა