მაღალმთიან ყარაბაღში შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან ყარაბაღთან გადაკვეთის ხაზზე სომეხი სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანულ ნაწილს თავს დაესხნენ. უწყების მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

„სომხურმა მხარემ დანაკარგები განიცადა და უკან დახევა მოუწია. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა დგინდება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მაღალმთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეების ინფორმაციით, აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ღამით მათ ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა ჰქონდათ, რის შედეგადაც ერთი ყარაბაღელი ჯარისკაცი დაიღუპა.

შეგახსენებთ, რომ მაღალმთიანი ყარაბაღის გამო აზერაბიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

აზერბაიჯანული მედის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერმა დავუთოღლუმ სომხეთს მოუწოდა, “გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის”.

მისივე თქმით, კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს.

“აზერბაიჯანული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება”, – განაცხადა დავუთოღლუმ.

ამ დროისთვის მაღალმთიანი ყარაბაღი სომხეთის კონტროლქვეშ იმყოფება.

წყარო

მსგავსი სიახლეები
485 ნახვა