კახა კალაძე – ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა

ბოლო წლების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორში ადგილობრივი ბიზნესი ძალიან გააქტიურდა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოფელ საგურამოში განაცხადა, სადაც კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორ გიორგი ცხადაძესთან ერთად “საგურამოს” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ეს იქნება 5 მეგავატიანი, ახალი ჰიდროელექტროსადგური, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ნოემბერში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის დაახლოებით, 11 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
“მისასალმებელია ის, რომ ადგილობრივი საფინანსო ორგანიზაციები არიან ჩართულები ამ პროექტის დაფინანსებაში, კერძოდ, “თიბისი ბანკი”. მინდა მას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. მისასალმებელია ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან გააქტიურდა ადგილობრივი ბიზნესი ენერგეტიკაში პროექტების განხორციელების კუთხით. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ შევცვალეთ გარკვეული რეგულაცია და უფრო შევამსუბუქეთ, უფრო მარტივი გავხადეთ ინვესტიცების განხორციელება. საამაყოა ის, რომ გარდა უცხოელი ინვესტორებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ამ დარგში ინვესტიცების განხორციელების, დღეს უკვე პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ქართველი ბიზნესმენები”, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
“ქვეყნის წინაშე არ არსებობს დიდი და პატარა დამსახურებები. ყველაფერი, თუნდაც რამდენიმე ადამიანის საკეთილდღეოდ გაკეთებული, არის შემადგენელი ერთი საერთო დიდი საქმის – ჩვენ ვაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, საქართველოს”, – განაცხადა კალაძემ.
“საგურამოს” ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განახორციელებს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
227 ნახვა