არჩილ გამზარდია: ილიას უნივერსიტეტიდან 20:30-თან თანამშრომლობის გამო მიშვებენ!

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი და საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ უნივერსიტეტიდან საზოგადოება „20:30“-თან თანამშრომლობის გამო უშვებენ. მისი თქმით, აქამდე ილიაუნი ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამდა მასთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. 9 წელი წარმატებით მიმდინარეობდა მათი თანამშრომლობა, მაგრამ გაზაფხულის სემესტრიდან აღარ გამოუთქვამთ გამზარდიასთან ხელშეკრულების დადების სურვილი.

„გაზაფხულის სემესტრში შიდა მორიგება იყო, რომ მხოლოდ იმ სემესტრში შევიმცირე მცირედად დატვირთვა „20:30“- თან თანამშრომლობის გამო და შემოდგომიდან დაბალანსდებოდა, რაზეც თანხმობა მივიღე. შემოდგომის სემესტრში კი საგნებზე ამგვარი “სიურპრიზები” დამხვდა – სამი საგანი პროგრამიდან ამოაგდეს, ერთი სხვა მიმართულების ლექტორმა აიღო, ხოლო მენეჯმენტში საათების მხოლოდ ნახევარი მომცეს. თუმცა, არაფერს საუბრობენ, რომ გაზაფხულის სემესტრში არც შემცირებული საათებია ჩადებული, საერთოდაც ცარიელია. ჩემთან არანაირი ახსნა, თუ რატომ მისცეს სხვა ლექტორს პიარის საგანი, არავის გაუკეთებია. უნივერსიტეტს პრეტენზიით მივმართე და დეკანთანაც მქონდა საუბარი. მეტიც, მე ავუხსენი მას, რომ ილიას უნივერსიტეტი გამორჩეულად მიყვარდა ამდენწლიანი თანამშრომლობის გამო და ვთხოვე, იქნებ იყო გარკვეული მოწადინება და დაგვეგეგმა ერთობლივად სამომავლო თანამშრომლობა, თუმცა დეკანისთვის ეს საინტერესო არ აღმოჩნდა“, – აცხადებს არჩილ გამზარდია.

ილიას უნივერსიტეტი თავისი ლექტორის მიერ მედიაში მასზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მსგავს შემთხვევას კატეგორიულად უარყოფენ.

„8 დეკემბერს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულ ლექტორთან, არჩილ გამზარდიასთან. ინტერვიუში ბატონი არჩილ გამზარდია ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტში მიმდინარეობს მისი შევიწროება პოლიტიკური მოტივით.

ამ ბრალდებას რაც შეეხება, ბატონმა არჩილ გამზარდიამ 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანატს მოგვმართა თხოვნით, შეგვემცირებინა მისთვის საათობრივი დატვირთვა, რადგან მას უნდა წაეყვანა გადაცემა 20/30. იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესი, ჩვენ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოვიწვიეთ ლექტორები და, ასევე, არსებულ ლექტორებზე გადავანაწილეთ დარჩენილი სალექციო საათები.

მას შემდეგ, რაც შეწყდა ბატონი არჩილის საქმიანი ურთიერთობა გადაცემა 20/30-თან, მან, 2015-2016 წლის შემოდგომის სემესტრში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აიღო იმაზე ნაკლები მოცულობის სასწავლო დატვირთვა, ვიდრე მას ფაკულტეტი სთავაზობდა, რადგან, როგორც ის ამბობდა, მას ჰქონდა შემოთავაზება სხვა უნივერსიტეტის მხრიდან.

გვინდა განვაცხადოთ, რომ ფაკულტეტსა და ბატონ არჩილ გამზარდიას შორის არ განხილულა ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ დრომდე ბატონ არჩილ გამზარდიას ოფიციალურად არ მიუმართავს არც ფაკულტეტისთვის და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის რაიმე პრეტენზიით.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გაუგებარია ბატონი არჩილ გამზარდიას ბრალდება უნივერსიტეტის მიმართ. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ფაკულტეტი მიმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, დაიწყოს მოკვლევა უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესის მიხედვით“, – აცხადებენ ილიას უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტის განცხადების ბოლო ნაწილში არჩილ გამზარდია მისი მისამართით გამოთქმულ მუქარას ხედავს და ამბობს, რომ ეს არის დისკრედიტაციის მცდელობა.

„რობაქიძის უნივერსიტეტში ჩემი თანამშრომლობა არაფრით იქნებოდა ილიაუნისთვის ხელისშემშლელი, რადგან რობაქიძეში ჯერჯერობით მხოლოდ მცირე დატვირთვა მაქვს, თუმცა, მაქსიმალურად პოზიტიურ პირობებს მიქმნიან, რაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით ილიაუნის ბიზნეს სკოლაში, ალბათ, მხოლოდ მე გამოვირჩევი, ამიტომ დამოკიდებულება სრულიად გასაგებია.

რაც შეეხება ბოლო აბზაცს, ის მოჩანს როგორც მუქარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ილიაუნიში დევნისა და ზეწოლის პირობებს. ეს “ახსნა” ილიაუნის ბიზნეს სკოლიდან შეიცავს ცრუ ინფორმაციას, ამიტომ ის უსარგებლოა, სამწუხაროდ.

როგორც ჩემი სტუდენტები იტყოდნენ, სირცხვილია ასეთი ფსევდოგანმარტებების გაკეთება, რეალობა ხომ ფაქტებია და არა ამ წერილში წარმოდგენილი ინტერპრეტაციები. ამ მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩანს ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, რაც საკმაოდ მდაბიო პროცესია“, – აღნიშნავს არჩილ გამზარდია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
130 ნახვა