ენერგეტიკის სამინისტრო: სახელმწიფო ამ ეტაპზე ბუნებრივ აირს გაზპრომისგან არ შეიძენს

სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე ბუნებრივი აირის შესყიდვას არ გეგმავს, – ამის შესახებ ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია “ქართული ოცნება” – რესპუბლიკელების” თავმჯდომარის მოდგილე თამარ კორძაიასთვის გაგზავნილ წერილში.
თამარ კორაძაიამ ენერგეტიკის მინისტრს სადეპუტატო შეკითხვებით მიმართა, რომელიც საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების, “გაზპრომთან” მოლაპარაკებებისა და ზოგადად, გაზის ტრანზიტთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

როგორც უწყების წერილშია აღნიშნული, კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი.

ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აწერს, ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს გაერთიანებულ ენერგეტიკულ ბალანსში ბუნებრივი აირის წილი დაახლოებით 40%-ს შეადგენს. 2015 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 2.4 მილიარდი კუბური მეტრია. ჯამურ მოხმარებაში მოსახლეობის წილი 28%-ია, თბოსადგურების 27%, ხოლო დანარჩენი 43 % კომერციული სექტორის მოხმარებას წარმოადგენს.

ენერგეტიკის სამინისტროს წერილის თანახმად, კომერციული სექტორის მოთხოვნის უზრუნველყოფას ახდენს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარი” კომერციულ მომხმარებელთან გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში, ხოლო ე.წ. სოციალური სეგმენტის (მოსახლეობა და თბოსადგურები) მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება საქართველოს მთავრობასა და”სოკარს” შორის გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ე.წ სოციალური გაზის (2015 წელს 1.35 მილიარდი მ3) ძირითად წყაროს წარმოადგენს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები (სამხრეთ კავკასიური მილსადენით გატარებული მოცულობის 5% და 500 მილიონი დამატებითი მოცულობის სახით, ჯამში, დაახლოებით, 750 მილიონი მ3-ის ფარგლებში), აგრეთვე სომხეთის ტრანზიტის შედეგად მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობა 200 მილიონი მ3-ის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი მოცულობის შევსება უზრუნველყოფილია “სოკართან” გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით”, – ნათქვამია წერილში.

რაც შეეხება კომერციულ სექტორს, ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სექტორისთვის მიწოდების საქმიანობა სრულად დერეგულირებულია, რაც იძლევა კომერციულ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ორმხრივ ფორმატში ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით.

სამინისტროს ცნობით, მოწოდების გეოგრაფიის გათვალისწინებით საქართველოს გაზმომარაგება (დაახლოებით 92%) ხდება აზერბაიჯანიდან ორი მილსადენის საშუალებით, ხოლო დანარჩენი 8 % რუსეთიდან ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობისთვის მისაწოდებელი სოციალური გაზის ფასი დღეისათვის შეადგენს 120 აშშ დოლარს 1000 მ3-ზე, ხოლო თბოსადგურებისთვის 143 აშშ დოლარს 1000 მ3-ზე.
“სოციალური სეგმენტისთვის სხვადასხვა კონტრაქტების ფარგლებში მიღებული გაზის ფასი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას. ჩვენი ინფორმაციით, კომერციული მომხმარებლებისათვის მიწოდების საშუალო ფასი 1000 მ3-ზე- 260 აშშ დოლარის ფარგლებშია”, – ნათქვამია წერილში.

სამინისტროს ინფორმაციით, პერიოდულად სომხეთის ტრანზიტის შედეგად მისაღები მოცულობების გარდა, ხდება დამატებითი (კომერციული მიზნით) მოცულობების მიღება რუსეთიდან და სომხეთიდან მცირე მოცულობებით.

“აზერბაიჯანიდან ხანგრძლივად გაზის მოწოდების შეფერხება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ფიზიკურად საქართველოს სხვა წყარო არ გააჩნია მოკლევადიან პერსპექტივაში გარდა რუსეთისა. შესაძლოა ირანიდანც გაზის მოწოდება, რასაც მაგალითად მცირე მოცულობებით ადგილი ჰქონდა 2006 წელს, თუ რასაკვირველია შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება”, – ნათქვამია წერილში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ირანი ნავთობის და გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომპოვებელი ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის პერსპექტიულია.

“ორმხივი კომისიის ფარგლებში გამოითქვა მზადყოფნა ელექტროენერგიის და გაზის სფეროში თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დღეისათვის შესაბამისი უწყებების მიერ ხდება გაზითა და ელექტროენერგიით ვაჭრობის ტექნიკური შესაძლებლობების და ფინანსური პირობების მოკვლევა/შესწავლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანული გაზის დასავლეთის ბაზრებზე მიწოდების პერსპექტივის განხილვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების თვალსაზრისით”, – ნათქვამია წერილში.

სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური სეგმენტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით “სოკართან” გაფორმებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება 2009 წლიდან.

“სახელმწიფო “გაზპრომიდან” კომერციული სექტორისთვის ამ ეტაპზე არ გეგმავს ბუნებრივი აირის შესყიდვას, რადგან კომერციული სექტორი დერეგულირებულია და კომერციულ მომხმარებელებს აქვთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მომწოდებელი და გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება სახელმწიფოს მიერ “გაზპრომიდან” კომერციული გაზის შესყიდვა, პოლიტიკური რისკების მონეტიზაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა “გაზპრომის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში არსებობს მეთოდოლოგია ე.წ. სტრესს ტესტს, რომელიც გამოყენებული იქნა ენერგეტიკული გაერთიანების სხვადასხვა ქვეყნების რუსეთიდან მოწოდებული ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შეფასების მიზნით. საქართველოც იყო ჩართული ამ პროცესში და დღევანდელი ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით რისკები მინიმალურად შეფასდა”, – ნათქვამია ენერგეტიკის სამინისტროს წერილში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
123 ნახვა