საქართველოს შს მინისტრი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეხვდა

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს – ჯეიმს კომეის შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა სამართალდაცვით სფეროში წლების განმავლობაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის. მისივე თქმით, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობას ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავის მხრივ, ამერიკულმა მხარემ გამოთქვა სრული მზაობა და მხარდაჭერა ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ჯეიმს კომეიმ ასევე გამოთქვა სურვილი საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებისა და გამომძიებლების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარონ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს დანაშაულთან ბრძოლის და პრევენციის საკითხებში ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე.

შს მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის მიერ გაწეული მხარდაჭერა, ცოდნისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ასევე, რეკომენდაციების მიღება.

შს მინისტრი ჯეიმს კომეის სამინისტროში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალურად ესაუბრა. გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ შსს-მ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კუთხით როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალურ დონეზე. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჯეიმს კომეი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
150 ნახვა