ზვიად ქორიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება

შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.

ქორიძემ  განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები მას დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

ქორიძემ სატელეფონო საუბრის დროს ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებები დაადასტურა და განაცხადა, რომ იყო კონკრეტული საქმეები, სადაც ესა თუ ის პირი სიაში ამა თუ იმ პატიმრის ჩასმას ითხოვდა.

ქორიძემ სატელეფონო საუბრის დროს კონკრეტული საქმეები არ დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ მთავარ პროკურატურაში შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის დაკითხვა  დასრულდა.

როგორც ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ აღნიშნა, ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის უნდა წაუყენონ.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ეხება “ქართული ოცნების” გავლენიანი მაღალჩინოსნების მხრიდან ფულის აღებას პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ, პირადად მივაწოდე გიორგი გოგაძეს და გიორგი ბადაშვილს, თუმცა, გოგაძეს დღეს არ ეყო ვაჟკაცობა, ეს ეღიარებინა. არ ველოდი, რომ მათ არ აღმოაჩნდებოდათ ღირსება, ეს დაედასტურებინათ, თუმცა გოგაძეს რომ ჩემგან ინფორმაციის მიღება ეღიარებინა, მაშინ მეორე გამოძიება უნდა დაწყებულიყო გულგრილობის ფაქტზე, რაც მათ რეალურად გამოავლინეს. აქედან გამომდინარე, გოგაძემ არ აღიარა ეს. ბატონი გოგაძე ძალიან სამარცხვინო პერსონაჟი აღმოჩნდა”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ტიპის ფაქტებთან დაკავშირებით პროკურატურის მაღალჩინოსნებს ინფორმაცია სხვა პირებმაც მიაწოდეს.

რაც შეეხება გიორგი გოგაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, ელისაშვილი ადასტურებს, რომ პროკურატურაში ერთ-ერთი სკოლის დირექტორს მიყვა, თუმცა მისი თქმით, ამის შემდეგ ის ბადაშვილს შეხვდა.

“161-ე სკოლის დირექტორის, ლონდა მებურიშვილის მეუღლეს და ვაჟიშვილს გამოვყევი ვაკე-საბურთალოს პროკურორთან შესახვედრად და ასეთი რამ მანამდეც გამიკეთებია. თავად მე ამ სკოლაში არ ვსწავლობდი და ეს ადამიანი არის ჩემი ამომრჩეველი. ეს ოჯახი დაზარალდა თაღლითობის შედეგად და ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჰქონდათ განცდა, რომ მათი საქმის გამოძიებას პროკურატურა აფერხებდა. ვაკე-საბურთალოს პროკურორთან შეხვედრის შემდეგ ჩამოვიდა გოგაძე და მითხრა, რომ გიორგი ბადაშვილს ჩემთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სურდა. ეს შეხვედრა შედგა ბადაშვილის კაბინეტში და სავარაუდოდ, ამის ვიდეოჩანაწერებიც იარსებებს. ბადაშვილს ვკითხე, იცოდა თუ არა ამ ფაქტების შესახებ, რაზეც მითხრა, არ ვიციო. შემდეგ ამ უსირცხვილო გოგაძეს და ბადაშვილს თავიდან ბოლომდე მოვუყევი ყველა დეტალი. ბოლომდე მივიყვან ამ ბინძური პოლიტიკოსების საქმეებსაც და გოგაძისა და ბადაშვილის საქმეებსაც. ვისურვებდი, რომ გოგაძეს ვაჟკაცობა და პატიოსნება ჰქონოდა და ეღიარებინა რაც იყო და როგორც იყო. ასეთი სამარცხვინო პროკურორები გვყავს დღეს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

უშუალოდ დაკითხვის შესახებ კი, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გამომძიებელს მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.

“მე გამომძიებელს ვუთხარი ამ პოლიტიკოსების გვარები. ზვიად ქორიძეც დაიკითხება ამ საქმეზე, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსიც, ასევე ეს პოლიტიკოსებიც. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაიკითხოს პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი და კიდევ სხვები”, – აღნიშნა ელისაშვილმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
141 ნახვა