სოზარ სუბარი – საკონსტიტუციო სასამართლოსგან სხვას აღარაფერს ველოდები, გარდა დადგენილებისა, რომ სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად არაფერი შეხება არ აქვს სამართალთან და კონსტიტუციასთან.
“ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებული ნორმა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ეს ნორმა მუშაობს ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, ეს ნორმა მუშაობდა საქართველოშიც. ერთ მშვენიერ დღეს შეიცვალა, მეორე დღეს კი ისევ იგივე ნორმა დაბრუნდა, ასე რომ კონსტიტუციასთან ამას შეხება არ აქვს. დასაბუთება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, არის აბსოლუტურად პოლიტიკური და სამართალთან და კონსტიტუციასთან მას არავითარი შეხება არ აქვს. ის, რომ შესაძლოა, ახალმა ნორმამ გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე, არ არის კონსტიტუციასთან შემხებლობაში და არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გადასაწყვეტი. მე ველოდები საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგ და ყველაზე ლოგიკურ გადაწყვეტილებას: კარგად მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც პრეზიდენტს ჩამოერთვა უფლებამოსილება და გადაეცა მთავრობას, მოხდა იმის გამო, რომ სააკაშვილმა ამოწურა თავის ორი ვადა და გადაწყვიტა, როგორც პრემიერ-მინისტრი მოვლენოდა ქვეყანას. დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოსგან მე სხვას აღარაფერს ველოდები, თუ არა იმას, დაადგინოს, რომ არჩევნებში სხვა გუნდის გამარჯვება იყო არაკონსტიტუციური და სააკაშვილს უნდა დავუბრუნოთ ხელისუფლება”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
166 ნახვა