სოზარ სუბარი: საახალწლოდ თბილისში 551 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას

“საახალწლოდ თბილისში 551 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას” – ამის შესახებ “აიპრესთან” ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის ზღვაზე დეკემბრის ბოლოს შეასახლებენ დევნილებს.

“დევნილების შესახლება სექტემბერში უნდა მომხდარიყო, რადგან 31 აგვისტოს უნდა ჩაგვბარებოდა კორპუსები, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო კომპანიამ ვერ დაასრულა სამუშაოები. ოლიმპიადასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა იმაზე მეტი დრო მოითხოვა, ვიდრე ველოდებოდით. ასევე სუბიექტური მიზეზებიც იყო. ბევრი რამ, რაც სამშენებლო კომპანიამ გააკეთა, არ ჩავიბარეთ, რადგან სრულყოფილად არ იყო გაკეთებული.

სრულ კონდიციამდე მისასვლელად 2-3 თვე დასჭირდათ, მაგრამ ჯობია, სამი თვე გაიწელოს, ვიდრე ოჯახი, რომლესაც იქ შევასახლებთ, მთელი ცხოვრება უკმაყოფილო იყოს. საახალწლოდ თბილისის ზღვაზე 330 ოჯახს გადაეცემა ბინა, ხოლო მთლიანად თბილისში 551 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. აქვე მინდა აღვნიშნო, აქედან უმრავლესობა ახალ წლამდე მიიღებს ბინას. შესაძლებელია ასევე ზოგიერთი ადამიანის დაკმაყოფილებამ თებერვლამდე გადაიწიოს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
465 ნახვა