კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახა კალაძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს. ამის შესახებ კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც სასამართლო წარმოებაში მიიღო “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივი სარჩელი და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა დროებით შეაჩერა.
“ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას უნდა ვცეთ პატივი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს და ზოგადად, სასამართლოს ეხება. თუმცა ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, რადგან ამ კანონპროექტის მომზადება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩართული იყო სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ექსპერტები და პრობლემა არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, კანონი არის დახვეწილი, როგორც ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გარკვეულ ეჭვებს ბადებს, რა თქმა უნდა, თემის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.
სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.

წყარო

მსგავსი სიახლეები
173 ნახვა