ვლადიმერ პუტინი – ჩვენ მზად ვართ, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ

ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე.
“რაც შეეხება 2008 წლის მოვლენებს და ჩვენი ურთიერთობის დეგრადირებას, ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია. ურთიერთობის გამწვავების მიზეზი ჩვენ არ ვყოფილვართ”, – განაცხადა პუტინმა.
2008 წლის ომზე საუბრისას, პუტინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილ ხელმძღვანელობას “ასეთი ავანტიურისტული გადაწყვეტილებები არ უნდა მიეღო” და პასუხისმგებლობა ომის შედეგებისთვის მას დააკისრა.
“ეს მათი ისტორიული ბრალია”, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობას შეეხო და ამ პროცესს “პოლიტიკური მოღვაწეების ექსპორტი” უწოდა. მისი თქმით, ამ გუნდმა უკრაინა “საგარეო მართვის ქვეშ მოაქცია”.
ვლადიმერ პუტინმა შეახსენა აუდიტორიას, რომ აშშ-ში სააკაშვილს სამუშაო ვიზა არ მისცეს და უკრაინაში გააგზავნეს. უკრაინაში სააკაშვილის დანიშვნას პუტინმა “უკრაინელი ხალხისთვის შეფურთხება” უწოდა.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ურთიერთობის გაუარესების ინიციატორი არ ყოფილა და მზად არის, ეს ურთიერთობა აღადგინოს.
“რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს პირველ რიგში ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხის საქმეა, მათთგან უნად იმუშავოთ. ჩვენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, -განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისგან “სიგნალებს ხედავს” და მზად არის, ეს სიგნალები მიიღოს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საექსპორტო მოცულობის 2/3 სწორედ რუსულ ბაზარზე გადის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, “ეს მოცულობა ზრდის მაღალ ტემპებს აჩვენებს”.
“რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ მზად ვართ, სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

წყარო

მსგავსი სიახლეები
619 ნახვა