სერგი კაპანაძე – ქართულმა მხარემ ჰააგას უნდა აჩვენოს, რომ აგვისტოში რუსი სამშვიდობოები უკვე ჩართული იყვნენ საომარ მოქმედებებში

ქართულმა მხარემ ჰააგის სასამართლოს უნდა აჩვენოს, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუს სამშვიდობოებზე შეტევის დროს რუსები უკვე ჩართულნი იყვნენ საომარ მოქმედებებში , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა.
კაპანაძემ კომენტარი გააკეთა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას ვარაუდთან დაკავშირებით, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე თავდასხმით ომის დანაშაული ჩაიდინა.
კაპანაძის განმარტებით, ჰააგის პროკურორის მიერ აგვისტოს ომის ცალკეული კომპონენტის გამოძიების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მასთან საქართველოს ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობა.
“ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ომის ორი ეპიზოდის გამოძიებაზეა საუბარი. ერთ-ერთი ეპიზოდში ორი ქვეეპიზოდია გაერთიანებული და ის მოიცავს ერთი მხრივ ქართველ სამშვიდობოებზე, მეორე მხრივ კი რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას. რაც შეეხება ამ უკანასკნელ ქვეეპიზოდს: ბუნებრივია, დიდი რუსული პროპაგანდის ნაწილი იყო იმის მტკიცება, რომ რუსი სამშვიდობოები ემსხვერპლნენ ჩვენს შეტევას. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე ყურადღების მიქცევა, როდის და რა პერიოდში მოხდა ეს, რადგან რაღაც ეტაპზე რუსი სამშვიდობოები უკვე ჩვეულებრივად ჩაერთნენ სამხედრო მოქმედებებში და მათ შეწყვიტეს სამშვიდობო ფუნქციის განხორციელება. თქვენ თუ ტალიავინის მოხსენებას გაიხსენებთ, მასში პირდაპირ წერია, რომ დასადგენია, სამშვიდობოებზე შეტევის განხორციელების დროს ისინი უკვე ხომ არ იყვნენ ჩართულნი საომარ მოქმედებებში, რადგან თუ იყვნენ, მაშინ მათი “სამშვიდობოს” სტატუსი ავტომატურად შეიძლება იქნას მიჩნეული შეწყვეტილად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რისი გამოძიებაც მოუწევს პროკურორს”, -აღნიშნა კაპანაძემ.
მისივე აზრით, ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სასამართლოსთან მაქსიმალური თანამშრომლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
“არ არის რთული საჩვენებელი, რომ მაშინ, როდესაც რუსი სამშვიდობოების ბატალიონი შეტაკებაში მოყვა, ისინი უკვე ჩართულნი იყვნენ საბრძოლო მოქმედებებში, მათ შორის მათი ტერიტორია საბრძოლო მოქმედებების განსახორციელებლად გამოიყენებოდა. ეს ყველაფერი არის საჩვენებელი, თუმცა შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად წარმატებულად ითანამშრომლებს ამ კუთხით ჩვენი ხელისუფლება ჰააგასთან, რამდენად მიაწვდის მას ყველა ინფორმაციას და რამდენად დაიცავს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს.
რაც შეეხება აღნიშნული ეპიზოდის პირველ ქვეეპიზოდს, რომელიც ქართველ სამშვიდობოებზე თავდასხმას ეხება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰააგის პროკურორმა შეძლოს იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა ქართველ სამშვიდობოებზე შეტევასაც, რასაც რამდენიმე მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იმედოვნებს, რომ რახან საკითხი საქართველოს ინტერესს ეხება, ხელისუფლება “პოლიტიკური ამბიციებიდან” გამომდინარე არ იმოქმედებს.
“ეს ისეთი შემთხვევაა, როცა საკითხი ეხება ქვეყნის ინტერესს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პოლიტიკურ ამბიციებს და რაღაც შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას არ გადააყოლებენ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას. იმედი მაქვს საღი აზრის, თუმცა მარტო ხლეისუფლებაზეც არ არის – აქ არის მასალები, რომლებიც ისედაც ღია და ხელმისაწვდომია, სავარაუდოდ იმ ხალხის დაკითხვაც მოხდება, ვინც ამაში მონაწილებდა და სხა მრავალი ტიპის ინფორმაციის მიწოდებაა შესაძლებელი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუ, რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად არ მოხდა სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ ეს არ დაიმალება, ამიტომ არამგონია ამ რისკზე წასვლა უღირდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას”, – განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.
რაც შეეხება ომის კიდევ ერთ კომპონენტს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ქართველების ეთნიკურ წმენდას შეეხება და, რომლის გამოძიებასაც ჰააგის პროკურორი ასევე გეგმავს, სერგი კაპანაძის თქმით, საქართველოსთვის ამის დადასტურება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია.
“პროკურორი ამ ეპიზოდზე პირველ რიგში აკეთებს აქცენტს, რადგან ამ შემთხვევაში მართლაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რამდენიმე ათასი ქართველი იქნა ეთნიკური ნიშნით გამოდევნილი, მათი ქონება კი განადგურებული. ჩვენთვის ეს ეპიზოდი არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რადგან ამ რეგიონში ეთნიკური წმენდის დადასტურება, როგორც პოლიტიკურად, ისე მორალურად და ზოგადად კონფლიქტის მოგვარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კაპანაძემ.

წყარო

მსგავსი სიახლეები
247 ნახვა