„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ნაადრევია…რუსმა კოლეგებმა ეს კარგად იციან“

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას და ამ თემაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ დიპლომატმა „აქცენტს“ რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების სანაცვლოდ, რუსი დეპუტატების პირობების შეფასებისას განუცხადა.

„დეპუტატების განცხადებებზე კომენტარს არ და ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს, ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგში არ დგას, ვერ დადგება და ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ეს კარგად იციან. ეს დაკავშირებულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემატიკასთან. ამდენად, ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“,– განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. რაც შეეხება სავიზო რეჟიმის შესაძლოა გაუქმების საკითხს, მისი თქმით, საქართველოს ხელიუსფლების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს მსოფლიოში მოგზაურობა გაუმარტივოს.

დიპლომატის განცხადებით, ხვალ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდება საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის თაობაზე და ეს იქნება ისტორიული მომენტი.

„ნოემბრის შუა რიცხვებში გვქონდა პრაღაში შეხვედრა და ჩემი კოლეგისგან მოვისმინე ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარე აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას – სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვნად გამარტივებას. დღეს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ საერთოდ გაუქმება იგეგმება სავიზო რეჟიმის. ახლო მომავალში გაირკვევა, რასთან გვექნება საქმე: გაუქმდება თუ გამარტივდება. ეს ჩვენ ძალიან ბევრ მოქალაქეს მოუხსნის პრობლემას. უამრავი პრობლემა ექმნებათ ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც ამა თუ იმ საკითხის გამო რუსეთში გამგზავრება სჭირდებათ. მე ასეთ სირთულეებს ყოველ დღე ვაწყდები. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს აკავებენ რუსეთში არალეგალურად ყოფნის, ან საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის გამო. ამდენად, ვიმეორებ, ეს ჩვენი მოქალაქეების საკმაოდ დიდ რაოდენობას მოუხსნის პრობლემებს. ამით რა თქმა უნდა დაინტერესებულნი არიან ჩვენი ბიზნესმენებიც, რომლებიც იქ ეწევიან თავიანთ საქმიანობას და რა საკვირველია ჩვენი მრავალრიცხოვანი დიასპორა, რომელსაც უამრავი ახლობელი და ნათესავი ჰყავს საქართველოში და ისინი ვერ ახერხებენ რუსეთში ჩასვლას. თავად რუსეთის მოქალაქეებს 2011–2012 წლიდან შეუძლიათ საქართველოში ყოველგვარი ვიზის გარეშე ჩამოსვლა და ჩვენს მოქალაქეებს კი იქ ჩასვლა ძალიან უჭირთ, რადგან სავიზო რეჟიმი ძალიან მკაცრია. თუ ეს დაბალანსდება, სწორი იქნება. ზოგადად ჩვენი ხელისუფლების პრინციპია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, მსოფლიოში თავისუფლად იმოგზაურონ. უახლოეს დღეებში ჩვენი ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილების თაობაზე გამოცხადდება და ეს ნამდვილად იქნება ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა. ამდენად, ჩვენი მთავრობის რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკა შედეგიანია და ვფიქრობ ამას ჩვენი მოსახლეობა ხედავს და ვფიქრობ, ხედავენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც“,– განუცხადა „აქცენტს“ აბაშიძემ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიცდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დღეს გაკეთებული ორაზროვანი განცხადების შემდეგ, რომ „რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად, ის ამაზე ფიქრობს“, განმარტებები გაკეთდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერალურ საბჭოში. შედეგად რამდენიმე პირობა გამოიკვეთა, რომელსაც რუსეთი საქართველოს უყენებს. კერძოდ, საქართველოს მონაწილეობა პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში, მათ შორის, ევრაზიულ–ეკონომიკურ კავშირში; დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მუშაობის ადაწყება; საერთაშორისო პლადფორმებზე რუსეთის პოზიციების მხარდაჭერა; ქართული მხრიდან წამოყენებული რიგი პოლიტიკური საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა; მათ შორის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონების სტატუსის.

გარდა ამისა, რიგმა მოთხოვნებმა მინიშნებების დონეზე გაიჟღერა, კერძოდ, გამოითქვა სურვილი, სხვადასხვა სახელისუფლებო შტოებს, მათ შორის პრემიერსა და პრეზიდენტს ჰქონდეთ ერთიანი პოზიცია რუსეთის მიმართ გარკვეულ დათმობებზე წასვლის საკითხში და ამავე დროს შესუსტდეს საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ განწყობილი პოლიტიკური ძალების, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენა.

 

წყარო

მსგავსი სიახლეები
159 ნახვა