თამარ სანიკიძე – ძალიან მაღალ ინსტანციაზე, ჰააგის სასამართლოზე ვსაუბრობთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავრჩეთ ნეიტრალურები

მთავრობის წევრების განცხადებით, ქართული მხარე მზადაა ჰააგის პროკურატურას მის ხელთ არსებული მასალები მიაწოდოს.
როგორც ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გარკვეული მოსაზრებები, მიზანშეწონილი არ იქნება წინასწარ ისაუბროს თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების მიღების შემთხვევაში.
“ჰააგის სასამართლო, რამდენადაც მე ვიცი, სწორად მოწოდებულია პოტენციურად სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად. მე თვითონ არ მინახავს წარმოებაში მიღებული საქმე, თუმცა ვფიქრობ, რომ სასამართლოს მუშაობის პროცესში არ უნდა ჩავერიოთ და თუკი ეს საქმე აღიძრა, ცხადია, მათ მიეწოდებათ ყველა ის მონაცემი, რომელიც მათ საშუალებას მისცემს ობიექტურად გამოიტანონ დასკვნა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავის მხრივ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ნეიტრალობის შენარჩუნება.
“ძალიან მაღალ ინსტანციაზე, სასამართლოზე ვსაუბრობთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დავრჩეთ ნეიტრალურები, ჩვენი თანამონაწილეობა იყოს ლოგიკურად ხელშეწყობა ყველა იმ ინფორმაციის მიწოდებით, რაც საჭიროა იმისთვის, რომ შესაბამისი განაჩენი იქნას გამოტანილი”, – განაცხადა სანიკიძემ და დასძინა, რომ ნამდვილად ძალიან საინტერესოა თუ როგორ წარიმართება პროცესები.

წყარო

მსგავსი სიახლეები
168 ნახვა