გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა

აქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ირინა ენუქიძე სიკვდილის შემდეგ ქვეყნისა და ერის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის და სამოქალაქო თავდადებისთვის თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ირინა ენუქიძე იყო განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ეწეოდა ბრძოლას ადამიანის სიცოცხლისთვის და სხვისი შვილებისთვის.
“2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად. ამ წლის დასრულებისას, მე გადავწყვიტე, რამდენიმე ქალბატონი გამოვყო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების მიმართ. ამ განსაკუთრებული ადამიანების გამორჩევა დავიწყე ირინა ენუქიძისგან. ქალბატონი ირინა გახლდათ სიმბოლო იმ ბრძოლის, რომელსაც ერქვა ბრძოლა ჰუმანურობისთვის, ადამიანების უფლებებისთვის, სიცოცხლის უფლებისთვის და ძალადობის წინააღმდეგ. ეს იყო უაღრესად მორალური ბრძოლა, ირინა ენუქიძეს მოუკლეს შვილი. ის იბრძოდა სხვისი შვილების გადასარჩენად, ჩვენი შვილების გადასარჩენად და მან ამ ბრძოლას შესწირა საკუთარი სიცოცხლე. მინდა ხაზი გავუსვა, მის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ის წევრები ესწრებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იბრძოდნენ გირგვლიანის საქმის ობიექტური გამოძიებისთვის.

წყარო

მსგავსი სიახლეები
129 ნახვა