თურქულ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება მარტივდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ქართველი მეზღვაურების დასაქმება გამარტივდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ეს შესაძლებელი ხდება საქართველოსა და თურქეთს შორის მეზღვაურთა კომპეტენციის სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შედეგად, რომელიც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შესაბამისი კონვენციის ფარგლებში გაფორმდა.

“აღნიშნულ მემორანდუმზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა ორი ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციების ურთერთობისთვის, მიღებული შედეგი საშუალებას აძლევს ქართველ მეზღვაურებს დასაქმდნენ თურქული დროშის ქვეშ მცურავ 600-მდე საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემებზე”, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, მემორანდუმზე ხელმოწერა შედგა თურქეთში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტის დროს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს აღნიშნული სააგენტოს დირექტორმა კაპიტანმა მამუკა ახალაძემ და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეებისა და კომუნიკაციების სამინისტროში შემავალი საზღვაო საქმეებისა და შიდა წყლების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა მეჰდი გონულალჩაკმა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეებისა და კომუნიკაციების მინისტრის მდივანს კაპიტან ოზკან პოირაზს

. როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი უშუალო ინიციატივით, ჩართულობითა და ხელშეწყობით მოხერხდა აღნიშული მემორანდუმის გაფორმებაზე თურქეთის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება. სამინისტროს ცნობით, სააგენტოს დირექტორმა მადლობა გადაუხადა ოზკან პოირაზს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ბოლო 5 წლის განმავლობაში აქტიურად გამოხატავს ზოგადად საქართველოს საზღვაო დარგის და განსაკუთრებით ქართველი მეზღვაურების მიმართ. სააგენტოს დირექტორმა ოზგან პორიაზი საქართველოში 2016 წლის სექტემბერში დაგეგმილ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საპატიო სტუმრის სტატუსით ოფიციალურად დაპატიჟა.

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
197 ნახვა