გიორგი კვირიკაშვილი – ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ე.წ. ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. “აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
180 ნახვა