გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილს უპირისპირდება? – „ღარიბაშვილი მჩატე წონის, ხოლო კვირიკაშვილი ქვემძიმე წონის პოლიტიკოსია“

პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას – ამგვარი განცხადებით გამოეხმაურა მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციიდან „გამოსახლების საკითხს.” ფაქტობრივად, ამ სიტყვებით გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენციის ყბადაღებულ თემას წერტილი დაუსვა. თუმცა, ამ საკითხის მიმართ ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებასა და მწვავე კრიტიკას თუ გავიხსენებთ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა – ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიორგი კვირიკაშვილი „არაფორმალურ” მმართველად წოდებულ ივანიშვილს ხომ არ უპირისპირდება?

 

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ბოლო ინტერვიუშიც, პრეზიდენტის რეზიდენციის გამო გიორგი მარგველაშვილი ისევ სასტიკად გააკრიტიკა. ამასთან, მთავრობას ამ თემით დაინტერესებაც მოსთხოვა – „მას არაერთხელ მივანიშნე, რომ იყენებს სასახლეს, რომელიც 16 ათასი კვადრატული მეტრია, მეორე სასახლე აქვს გამზადებული, იქ არ შედის. და ამბობს, რომ არის ჩვენი პირადი დაპირისპირების პრობლემა და არც კვადრატულ მეტრობაზეა საუბარი, ასეთი ცინიკური განცხადება იშვიათად შეიძლება ნახოთ…პრეზიდენტი რომ გონს მოვიდოდა მე ამის იმედი მქონდა და მოიქცეოდა ისე როგორც ეკუთვნის კონსტიტუციას და ქართული სახელმწიფოს, შეიძლება ამას ჰქონდა გაგება და გამართლება, მაგრამ რამდენი შეიძლება ლოდინი, თუ ეს ლოდინი გახანგრძლივდა მე კიდევ ამოვიღებ ხმას და მძაფრად მოვითხოვ, ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე მყავს”, – ამბობდა ივანიშვილი.

 

რას ნიშნავს კვირიკაშვილის ეს განცხადება, უპირსპირდება თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რამდენად შეეცდება დამოუკიდებლობის მოპოვებას და რატომ არ შეცვალა მთავრობის შემადგენლობა? – „პოლიტკომესანტის” შეკითხვებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობს.

 

– გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას”, თუმცა, ამ საკითხის მიმართ ივანიშვილის უარყოფითი დამოკიდებულებაც ცნობილია. როგორ ფიქრობთ, ამ განცხადებით კვირიკაშვილი ივანიშვილს ხომ არ უპირისპირდება?

 

– ვფიქრობ, ეს თემა დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს. თავად ახალი პრემიერ მინისტრის განცხადება კი, ჩვენი საზოგადოებისთვის სიმშვიდის მომგვრელია. რადგან ბატონი ივანიშვილი თუ დაარწმუნა, რომ ის თავისი პოზიციით საკუთარ თავსაც და მის მიერ შექმნილ კოალიციასაც ვნებს, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ღმერთმა ქნას ასევე გაგრძელდეს, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ბატონმა ივანიშივილმაც ისწავლოს.

– ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი როგორც ივანიშვილის გეგმების შემსრულებლად, მასზე დამოკიდებულ პიროვნებად მიიჩნეოდა, რომელსაც „ორჯერ თქმა” არ სჭირდება. რაც შეეხება კვირიკაშვილს, ფიქრობთ, რომ უფრო მეტ დამოუკიდებლობას შეეცდება?

 

– გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის სხვადასხვა წონითი კატეგორიის პოლიტიკოსები გახლავთ. ბატონ ღარიბაშვილს რაიმე სახის პოლიტიკა არც დაესიზმრებოდა, რომ არა მისი გამომძერწავი ივანიშვილის ქმედება. რაც შეეხება კვირიკაშვილს, მას საკმაოდ საინტერესო პროფესიული ბიოგრაფია გააჩნია. სპორტსმენების ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ღარიბაშვილი მჩატე წონის, ხოლო კვირიკაშვილი ქვემძიმე წონის პოლიტიკოსია. შესაბამისად, მათი შედარება ყოველთვის კვირიკაშვილის გამარჯვებით დასრულდება.

– ანუ მომავალი პრემიერის საქმიანობაში „არაფორმალურ” მმართველად წოდებული ივანიშვილი ნაკლებად ჩაერევა, ვიდრე აქამდე?
– ჩარევა ერთია და საქმის კურსში ყოფნა – მეორე. რასაკვირველია, ბატონი კვირიკაშვილი ივანიშვილს პერიოდულად საქმის კურსში ჩააყენებს და საჭიროების შემთხვევაში მისგან რაიმე კონსულტაციასაც მიიღებს. თუმცა, რიგითი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისგან უპასუხისმგებლო განცხადებები და არანაირი დირექტივა ახალი პრემიერ მინისტრისთვის არ იქნება.

 

– ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, მალევე იმ კანდიდატების ვინაობა გავრცელდა, ვინც მინისტრის პორტფელს დატოვებდა. საუბარი იყო ნოდარ ხადურზე, პაატა ზაქარეიშვილზე, თამარ სანიკისა და გელა დუმბაძეზე. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. თქვენი აზრით, მომავალმა პრემიერმა საკადრო ცვლილებების განხორციელება რატომ გადაიფიქრა?

 

– თითქოს შესაცვლელი მინისტრების გვარების დასახელება – ეს ჩვენი სულსწრაფი ჟურნალისტების ფანტაზია გახლავთ. რეალობა კი ისაა, რომ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს დედა გარდაეცვალა და მისი დასაფლავების დღეს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოულოდნელი ცვლილებები დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ ამის ჩამფიქრებელს პრემიერ-მინისტრების ასეთი ცვლილება ჩაფიქრებული ჰქონდა, მაშინ ეს გარკვეული უზრდელობაც იყო. ორიოდე დღე უნდა მოეთმინა და ოჯახის ტრაგედიისთვის პატივი ეცა. ცხადია, ასეთ ვითარებაში კვირიკაშვილის მხრიდან წარმოუდგენელი არასერიოზულობა იქნებოდა, პარლამენტისთვის პირველსავე დღეს ახალი სახეები შეეთავაზებინა. ამიტომ, მისი ეს გადაწყვეტილება სრულიად გონივრულია. გარდა ამისა, მინისტრები სადმე არ გაიქცევიან და ორი კვირის განმავლობაში პარლამენტიც არ გადატრიალდება. დარმწუნებული ვარ, ბატონი გიორგი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და ვისურვებდი, რომ ის იმედის ნაპერწკალი, რაც მან საპარლამენტო სივრცეში გამოსვლისას დათესა, რეალობა ყოფილიყოს და არა მხოლოდ ოცნება.

– ანუ საკადრო ცვლილებები მოგვიანებით, მაგრამ მაინც განხორციელდება?

 

– კარგად მახსოვს, სისხლისმსმელი საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი, ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე სამსახურიდან არავის ათავისუფლებდნენ. რადგან ყველა თარიღს თავისი ფასი აქვს. როცა ახალი წლის წინ დავიდარაბას იწყებ ე.ი. არც იმ ადამიანს სცემ პატივს, ვინც თანამდებობა დაკარგა, არც მის ოჯახს და ქართული ტრადიციებს და რაღაც გაუგებარი პლანეტის პირმშო გამოდიხარ, რომელსაც იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ქართული ტრადიციით აღზრდილები არიან, სრული მხარდაჭერა ვერასდროს ექნება.

წყარო: politcommersant.ge

მსგავსი სიახლეები
289 ნახვა