საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა 25-30 იქნება

საბავშვო ბაღებში ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჯგუფების ჩამოყალიბების წესს, ჯგუფში ბავშვების რაოდენობას და აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობას კანონი დაარეგულირებს.

ამას “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მომზადებული პროექტის თანახმად, 2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში შეიძლება იყოს არაუმეტეს 25 ბავშვისა, 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე ბავშვების ჯგუფში კი – არაუმეტეს 30 ბავშვისა. რაც შეეხება სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფს, მასში 5 წლიდან სკოლის დაწყებითი საფეხურის – პირველ კლასში შესვლამდე ბავშვები შევლენ, რომელთა რაოდენობაც თითოეულ ჯგუფში 30 ბავშვს არ უნდა აღემატებოდეს.

პროექტით, ერთი ასაკის ბავშვთა არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, დაწესებულება უფლებამოსილია, ჩამოაყალიბოს მრავალასაკობრივი ჯგუფი მომიჯნავე ასაკის ბავშვებისგან, მაგრამ არაუმეტეს 10 ბავშვის შემადგენლობით. რაც შეეხება აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობის საკითხს, პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის რაოდენობა შემდეგი თანაფარდობით უნდა განისაზღვროს: 2-დან 3 წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:13; 3-დან 4-წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15; 4-დან 5-წლამდე ბავშვების შემთხვევაში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15. სასკოლო მზაობის პროგრამის ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის ბავშვთან თანაფარდობა უნდა იყოს: 1:15. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მოწოდებული უახლესი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით აღსაზრდელთა ჯამური რაოდენობა თბილისში 55 615 აღსაზრდელს შეადგენს, ხოლო აღნიშნული აღსაზრდელებით დაკომპლექტებული ჯგუფების რაოდენობა, შესაბამისად, 240 ჯგუფს ბაგაში და 1 175 ჯგუფს ბაღში

. “წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ბაგა ჯგუფებში მაქსიმუმ 25 ბავშვი, ხოლო 3-დან 6 წლამდე ჯგუფებში – მაქსიმუმ 30 აღსაზრდელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ 1 415 ჯგუფში აღსაზრდელთა მაქსიმალურმა რაოდენობამ უნდა შეადგინოს 41 250 ბავშვი (240*25 + 1 175*30). დღეს-დღეობით აღსაზრდელების რაოდენობა თბილისის ბაგა-ბაღებში შეადგენს 55 615-ს. არსებული სხვაობის (14 365 აღსაზრდელი) დასაკმაყოფილებლად საჭიროა აშენდეს 400 ბავშვზე გათვლილი 36 ბაღი, რაც საშუალოვადიან პერიოდში მნიშვნელოვან დანახარჯებს იწვევს. დღევანდელი მდგომარეობით, ერთი 400 ბავშვზე გათვლილი ბაღის ასაშენებლად საჭიროა საშუალოდ 2 მილიონი ლარი (თუმცა, რთული გამოსათვლელია მომდევნო წლებში ერთი 400 ბავშვზე გათვლილი სააღმზრდელო დაწესებულების აშენების ხარჯი) ანუ მთლიანობაში 36*2=72 მილიონი ლარი. აღნიშნული ხარჯი საშუალოვადიან პერიოდზე (2016 – 2019 წწ) უნდა გადანაწილდეს”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტით სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ჯგუფების დაკომპლექტების მაქსიმალური ოდენობების მუხლის ძალაში შესვლის თარიღად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
119 ნახვა