,,პატრიარქი გაიყინა, საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა” – რატი ამაღლობელი

პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განთავსებულ ლექსს “პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში” სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ლექსი ასე ჟღერს:

“პატრიარქი გაიყინა,
საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,
83 წლის მოხუცი პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში,
მიწისქვეშა გადასასვლელში
გაიყინა.
დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი
ჩემი გაყინული პატრიარქი,
მიწისქვეშეთის მისადგომებთან
წაქცეული.
უცხო, უცნობი, განდევნილი,
როგორც პირველი ქრისტიანი,
მე მიყვარს პატრიარქი
მეტროს ჩასასვლელში გაყინული.
მას არავინ მიულოცავს
დაბადების დღეს,
არავინ უმღერებს ოდებს.
დაე, დატირება, ეს მცირე დატირება
წაგყვეს უწმინდესო იქ,
სადაც მართალნი განისვენებენ…”

პოეტი ლექსით როგორც ჩანს, მეტრო “დელისთან” მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცის გარდაცვალებას გამოეხმაურა. 67 წლის მამაკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი უსახლკარო იყო და სიცივისგან გაიყინა, თუმცა დღეს შსს-მ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს ჰყავს ოჯახი, ის არც უსახლკარო ყოფილა და მის სიკვდილს ოჯახის წევრები გულის პრობლემებს უკავშირებენ.

რატი ამაღლობელის პოსტმა რამდენიმე საათში 100-მდე გაზიარება და კომენტარი დაიმსახურა. კომენტარებში ნაწილი ავტორს პათოსს უწონებს, ნაწილიც – უწუნებს. “ის რომ ჩვენ გვერდით მიუსაფარი ხალხი სიცივისგან და შიმშილისგან იღუპება, ყველაზე ნაკლებად ჩვენი 83 წლის პატრიარქის ბრალია, რომელიც უამრავ გაჭირვებულს მფარველობს სულიერად და მატერიალურად. მე რომ დამეწერა ეს ლექსი… უბრალოდ იმას გავიხსენებდი, როგორ ჩამივლია ცხელი ყავით ხელში ჩემი ქალაქის ქუჩებში ისე, რომ არც კი შემინიშნავს იქ გათოშილი მოხუცი და თუ მაინდამაინც სადმე გამჩხერია თვალებში ჩამიყრია ხურდა ფული და სინდისს დამშვიდებულს გამიგრძელებია გზა” – წერს კომენტარში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, რომელსაც იქვე პასუხობს თავად ავტორი: “ცნობისათვის მხოლოდ : ხელს არავისკენ ვიშვერ საერთოდ, განსაკუთრებით პოეტურ ტექსტებში, არც აქ, თუ მაინცდამაინც – საკუთარი თავისკენ, იქ მყოფი რაღაცეებისკენ, ან ვიღაცეებისკენ”.

მოგვიანებით, პოეტს კიდევ ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე: “ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც “ზუსტი” ინფორმაცია”.

,,ამბები.ჯი”

მსგავსი სიახლეები
5,515 ნახვა