მოსკოვში მიიჩნევენ, რომ ჰააგის პროკურორის მიერ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების ინტერპრეტაცია, სააკაშვილის რეჟიმისთვის ხელის დაფარებაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას განცხადებას ეხმაურება.
“ინტერპრესნიუსი” უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მშვიდობიან ცხინვალსა და სამხრეთ ოსეთში რუს სამშვიდობოებზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებული ძალების თავდასხმიდან, 7-ზე მეტი წელიწადი გავიდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ, სასამართლოს ამ მოვლენების ოფიციალური გამოძიების დასაწყებად, სანქციის მიღების თხოვნით მიმართა.
ამ პერიოდის განმავლობაში ჰააგაში გადაიგზავნა სამხრეთ ოსეთის დაღუპულ მოსახლეთა ნათესავებისა და დაზარალებულების ასობით განაცხადი.
მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულს ადასტურებს რუსეთის სისხლის სამართლის საქმის მასალებიც. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, ჩვენს ქვეყანასა და სასამართლოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში 30-ზე მეტი ტომი გადაეცა. განსაკუთრებით, უნდა გამოვყოთ რუს მშვიდობისმყოფელებზე ქართული შეიარაღებული ქვედანაყოფების თავდასხმის ფაქტი. ათმა მათგანმა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ვალდებულება ბოლომდე შეასრულა და სიცოცხლე გაწირა.
პროკურორის დასკვნებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ოსების მიზანმიმართული მკვლელობები საერთაშორისო გამოძიების საგანი არ გახდება. პროკურატურას აქვს ეჭვები რუს სამხედრო მოსამსახურეებზე -მშვიდობისმყოფელებზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც. სამაგიეროდ, გამომძიებლები აცხადებენ, რომ მზად არიან გამოიძიონ ოსი ე.წ.აპალჩენცების ქმედებები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ასევე რუსული შეიარაღებული ძალების ქმედებები, რომლებიც, როგორც პროკურატურა მიიჩნევს, “შესაძლოა იყონ” ამ ქმედებების თანამონაწილეები.
2008 წლის აგვისტოს მოვლენების ასეთი ინტერპრეტაცია, რომელიც რეალობასაა მოწყვეტილი და ფაქტობრივად, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ხელს აფარებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას არ გაზრდის.
ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლეები, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობის განხილვისას, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც სამართლიანობის პრინციპებს პასუხობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო

მსგავსი სიახლეები
194 ნახვა