დავით უსუფაშვილი ბავშვებს: დავდოთ პირობა, რომ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებს წაიკითხავთ

„დავდოთ პირობა, რომ კვირაში ერთხელ ვაჟა-ფშაველას ერთ ნაწარმოებს აუცილებლად წაიკითხავთ” – ასე მოუწოდა პარლამენტის თავჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ქუთაისის თეატრში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფ აღსაზრდელებს, შშმ და აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს.

დავით უსუფაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მათ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში უმასპინძლეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, თეატრში მოწვეულმა 750-მდე ბავშვმა და ახალგაზრდამ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით დადგმული საახალწლო სპექტაკლი „სათაგური“ ნახეს.

საახალწლო სპექტაკლის შემდეგ, მათთვის სპეციალური მიღება გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ სპექტაკლის მსახიობებს. ზღაპრის გმირებმა და თოვლის ბაბუამ კი მათ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებული საჩუქრები და მისალოცი ბარათები გადასცეს. თითოეულ მისალოც ბარათს ხელი პირადად მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა.
მან ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცა.

„გილოცავთ ახალ წელს, გილოცავთ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, სიხარულს, ბედნიერებას, კარგად სწავლას, გამარჯვებებს ცხოვრებაში! ძალიან ლამაზი დღე გამოვიდა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ერთად აღგვენიშნა ეს დღე!”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
209 ნახვა