სუს-მა რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1979 წელს დაბადებული მირიან ბ, 1971 წელს დაბადებული კონსტანტინე ბ. და 1976 წელს დაბადებული იოსებ ჩ. დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” სუს-იდან აცნობეს, აღნიშნული პირები თბილისში, რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137 – ის გასხვისებას 100 000 აშშ დოლარად აპირებდნენ, რა დროსაც ისინი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. ამოღებულია რადიოაქტიული ნივთიერება ცეზიუმ 137. “გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა განკარგვის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ქ. თბილისში უკანონოდ, დადგენილი წესების დაუცველად, შეინახეს რადიოაქტიური ნივთიერება – ელემენტ ცეზიუმის რადიოაქტიური იზოტოპი ჩს137 (ცეზიუმ 137). აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ბირთვული რეაქციის პროდუქტს და რადიოაქტიური (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრის და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, საქმეზე ჩატარებული რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის”, – აცხადებენ სუს-ში. მათი ინფორმაციით, გამოძიება რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

,,ინტერპრესნიუსი

მსგავსი სიახლეები
160 ნახვა