მიხეილ მაჭავარიანი: კალაძე რუსულ გაზს ,,გვტენის”, თვითონ კი ევროპულად ცხოვრობს

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა “აიპრესთან” განაცხადა, რომ “გაზპრომთან” დადებულ ხელშეკრულებაში საქართველოს მოუწევს არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ფასის გადახდა.

“ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, რაზე საუბრობს კალაძე და რა პოლიტიკური ფასი უნდა გადავიხადოთ რუსულ გაზში. ეკონომიკური ფასი რომ არ უნდა გადავიხადოთ ეს ცხადია. მაღაზიაში რომ მიდიხართ და ერთნაირი ხარისხის პროდუქტი ერთი 19 ლარი ღირს და მეორე 21 რომელს იყიდით? მესმის, რომ კალაძე ფულიანი კაცია. ის რომ რუსული ჯინსებით არ დაიწყებს სიარულს და რუსული მანქანით ესეც ვიცით. კალაძე ჩვენ გვტენის რუსულ გაზს და თვითონ ცხოვრობს ევროპულად.

გაიხსენეთ მისი ცინიზმი. ალბათ, ბიძინა ივანიშვილისგან გადაიღო და საუბრობს, რომ ვითომ ეს არასამთავრობოები და ექსპერტები. ბოდიში და თვითონ რისი ექსპერტია? ეგ რა სპეციალისტია? საკუთარ კარში გოლის გატანა ვიცით, რომ კარგად იცის. კიდე რა იცის? ეჭვი მაქვს, რომ ახლაც საკუთარ კარში გააქვს გოლი, მაგრამ აქ ახლა უკვე წააგებს ქვეყანა. აქ მარტო კალაძე კი არ წააგებს. მართალია იტალიასთან წაგებაც ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ აქ წააგებს ქვეყანა, პერსპექტივა. თქვენი შვილები და ჩვენი შვილები წააგებენ. მთელი მსოფლიო რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას ირჩევს და ჩვენ პირიქით. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2017 თუ 2019 წელს ჩვენ შაჰდენიზის გაზზე გვაქვს 70 დოლარიანი ტარიფი. და გარდა ამისა, დამატებითი კუბური მოცულობა შეღავათიანი ფასით შეგვიძლია ვიყიდოთ. ახლა, ბოდიში და ვის აბოლებენ ეგენი? “ქართულ ოცნებაში” ვინც უნდა ის მოატყუოს, მაგრამ ჩვენ ვერ მოგვატყუებს”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
226 ნახვა