პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი წერილის შინაარსს ასაჯაროებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავარი პროკურატურისადმი გაგზავნილი ოფიციალური წერილის შინაარსს ასაჯაროებს.

„საქართველოს პრეზიდენტის საჯარო განცხადებებში არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, სამართალდამცავი ორგანოების და, მათ შორის, საქართველოს მთავარი პროკურატურის მისამართით, რათა, არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მომხდარიყო საზოგადოების სრულად ინფორმირება სისტემური დანაშაულის – წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივი ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ. პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ კითხვებზე პასუხები არ გაცემულა. 2016 წლის 13 იანვარს, გაკეთებული განცხადებით თქვენ გამოთქვით მზადყოფნა, რომ აღნიშნულ კითხვებს გასცეთ პასუხები, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალურად მოგმართავთ განცხადებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წერილობით განგიმარტავთ პრეზიდენტის მიერ დასმული კითხვების შინაარსს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გთხოვთ, საზოგადოებას საჯაროდ აცნობოთ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე:

1. წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლებით რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი?

2. აღნიშნული გამამტყუნებელი განაჩენებიდან რამდენ პირს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება? თითოეულ შემთხვევაში რა სასჯელზე მოხდა შეთანხმება?

3. აღნიშნული მუხლებით რამდენი პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა სასამართლოში?

4. იმავე მუხლებით რამდენი პირია ბრალდებულად ცნობილი? (ვგულისხმობთ საქმეებს, სადაც პირი ცნობილია ბრალდებულად, მაგრამ სასამართლოში არ არის საქმე გადაგზავნილი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.)

5. იმავე მუხლებით რამდენ საქმეზე მიმდინარეობს და რა ეტაპზეა გამოძიება?

6. რამდენი პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ათასობით აღმოჩენილ უკანონო, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით? რამდენი პირის მიმართ არის დაწყებული დევნა?“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილში, რომელსაც კახა კოჟორიძე აწერს ხელს.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს მზადყოფნა გამოთქვა, კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით პრეზიდენტის კითხვებს პასუხი გასცეს, თუ ის პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს. აღნიშნულით შოთაძე 26 დეკემბერს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

პრეზიდენტმა „ქრონიკის” სტუდიაში პროკურატურას მიმართა და რამდენიმე გახმაურებული საქმით დაინტერესდა. მარგველაშვილის თქმით, მან ე.წ. მესიჯების საქმე იმიტომ არ მოიკითხა, რომ „კასრების საქმეზე” პასუხი არ მიუღია.

წყარო

მსგავსი სიახლეები
174 ნახვა