მიხეილ მაჭავარიანი პროკურორის მკვლელობაზე: ნებისმიერ ქვეყანაში ეს განგაშის ზარია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას მკვლელობასთან დაკავშირებით “აიპრესთან” განაცხადა, რომ ეს ფაქტი კრიმინალის მატების დადასტურებაა. მაჭავარიანის თქმით, ეს იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელიც ხელისუფლებამ მავნებლური პოლიტიკით აირჩია.

“მე, პირველ რიგში, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახს. ვფიქრობ, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძალიან ცუდი სიგნალია. ეს არის გამოწვევა, ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კრიმინალი მატულობს. ხელისუფლება არ იმჩნევდა და ამბობდა, რომ სტატისტიკის მიხედვით ყველაფერი კარგად მიდის. ამ ყველაფერზე მე მახსენდებოდა შევარდნაძის დროს თარგამაძის სტატისტიკა ყველაფერი რომ კარგად მიდიოდა. სტატისტიკას ხომ ადამიანები წერენ. როგორც უნდათ ისე დაწერენ. რა პოლიტიკური დავალებაც არის, ისე დაწერენ.

სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, მანამდე ფოთის პროკურორის მანქანას ესროლეს, მერე იყო თვდასხმა, პოლიციელს დაესხნენ. ანუ, ჩვეულებრივი ამბები ხდება. ბათუმში ერთ-ერთ თანამშრომელს მანქანა დაუწვეს. ეს არ არის რაღაც ამოვარდნილი ამბავი. იყო საუბარი ლავაზ ოღლიზე, რომელიც ბათუმში ალაგებს სიტუაციას და ეს კაცი სჭირდებოდათ საარჩევნოდ.

ეს სამწუხაროდ არის იმ ხაზის გაგრძელება, რაც ამ ხელისუფლებამ თავისი უნიათო და მავნებლური პოლიტიკით ერთად აირჩია. ეს ლოგიკური გაგრძელებაა. წარმოიდგინეთ, ასეთი ფაქტები ძალიან იშვიათად ხდება და როდესაც ხდება ეს არის განგაშის ზარი ნებისმიერ ქვეყანაში.

“აიპრესის” კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ ამ ყველაფრის უკან იდგას გარკვეული ძალა, მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა, რომ ეს ძალა არის კრიმინალი, რომელსაც ხელისუფლება ვერ უმკალვდება.

“ამ ძალას ჰქვია კრიმინალი, ვინც ამას აკეთებს. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება ამ ძალას ვერ უმკლავდება. პოლიციაში რა ამბავია. უკრძალავენ პრესასთან ურთიერთობას და იმას, რომ პოლიტიკოსებს არ უთხრან ინფორმაცია. ცდილობენ, რომ თუ რამე ისეთი დანაშაული მოხდა, რომლის არ გატარება შეიძლება, არ გაატარონ. ჩვენ ხომ ამ ქალაქში ვცხოვრობთ და არ ვართ მოწყვეტილი რეალობას…

რიგითი პოლიციელები 24 საათი ქუჩაში მუშაობენ და ებრძვიან კრიმინალს. იგივე ხელფასით იგივე საშუალებებით, რაც დავუტოვეთ ჩვენ 2012 წლამდე”,- განაცხადა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი, ვახტანგ (პაატა) ქირია თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან გარდაცვლილი იპოვეს.

 

,,აიპრესი”

მსგავსი სიახლეები
544 ნახვა