ილია მეორე – კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა

კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ყოველივე ეს არის არა ბუნებრივი მოვლენა, არამედ ბრძოლა ბოროტთან.

“დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ სირთულეები. სირთულე შეიძლება მრავალსახის იყოს – როცა ადამიანი ვერ ხედავს თავის თავს, როცა ადამიანი თვლის, რომ უარყოფითი მოქმედებანი, რომელსაც ის აკეთებს, ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა. განსაკუთრებით აწუხებს კაცობრიობას ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველდღე უნდა აკურთხოთ ნაკურთხი წყლით თქვენი ოთახები, სახლი, ეზო და აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს”, – განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგების დასასრულს ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა. ასევე დალოცა შემდეგი გვარები: ძამისტარიშვილები, გარუჩავები და ემხვარები. პატრიარქმა ასევე ავღანელთა 43-ე ბატალიონი დალოცა. ილია მეორემ მრევლს ნათლისღების დღესასწაულისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
142 ნახვა