მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გეგმავს

მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გეგმავს. აღნიშნული ერთ-ერთია იმ რეფორმებს შორის, რომლის განხორციელებასაც აღმასრულებელი ხელისუფლება ეკონომიკური განვითარების 4 პრიორიტეტული მიმართულების ფარგლებში აპირებს. აღნიშნულ საკითხზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

“თქვენ განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას. ვფიქრობთ, რომ გამოკვეთილია 4 უმთავრესი მიმართულება – პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ კუთხით გასატარებელი რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახდო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე ეს არის მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის იმისთვის, რომ დროში შემოფარგული იყოს თითოეული შემოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია ასევე ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაციაც.
“ეკონომიკური გუნდი მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სტარტაპის დაფინანსების მექანიზმის შექმნაზეც. ამ მიმართულებითაც არის სხვადასხვა ქვესაკითხი”, – აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
145 ნახვა