გიორგი კვირიკაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ვიქტორია ნულანდმა გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს. ვიქტორია ნულანდმა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

შეხვედრაზე განხილული იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა და მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესაძლებლობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საქართველოს და ამერიკის მთავრობების გაცვლით ვიზიტებზე. ისაუბრეს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე და თბილისში სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში პლენარული სესიის გამართვის საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები
83 ნახვა