თბილისის ქუჩებში სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა შეიზღუდება – მერიის ინიციატივა და კომპანიების პოზიცია

დედაქალაქში საცობების პრობლემა უკვე დიდი ხანია მოსახლეობას აწუხებს. თბილისის მერია კი, ავტომანქანებით გადაჭედილი ქუჩების განტვირთვას ვერ ახერხებს. თუმცა, მერიაში ამბობენ, რომ აამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

როგორც ცნობილია, თბილისში სატრანსპორტო ნაკადის დასარეგულირებლად სპეციალური გეგმის შემუშავება გერმანულ კომპანიასაც კი დაუკვეთეს. მართალია, ამ გეგმის კონკრეტული პუნქტები ჯერ არ გაჟღერებულა, მაგრამ დღეს გაირკვა რომ მერიაში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან სპეციალური შეხვედრა გაიმართა, სადაც სადისტრიბუციო მანქანებისგან ქუჩების განტვირთვაზე ისაუბრეს. როგორც ჩანს, ესეც ამ გეგმის ნაწილია.

ჯერ კიდევ ზაფხულში აქტიურად საუბრობდნენ, პიკის საათებში დასუფთავების და სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვაზე, რასაც 2015 წლის ნოემბერში დასუფთავების სამსახურის ავტომანქანების მუშაობის სპეციალური რეჟიმის შემუშავებაც მოჰყვა. სპეციალური რეჟიმის მიხედვით, დასუფთავების მანქანებს პიკის საათებში ვიწრო ქუჩებში მოძრაობა აეკრძალათ.   როგორც ვხედავთ, მასშტაბური საცობების განტვირთვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თბილისის მერია საცობების განტვირთვისთვის ახალი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს.

ამჯერად საქმე სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობას ეხება.   დღეს ქალაქის მთავრობაში თბილისის მერის დავით ნარმანიას მოადგილეები სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების წარმომადგენლებს და სატრანსპორტო სფეროს ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც მერიაში „პოლიტკომერსანტს“ განუცხადეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საცობების წარმოქმნის თვალსაზრისით სადისტრიბუციო ავტომანქანებს მნიშვნელოვანი პროცენტული წილი უჭირავს. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი ხედვა, საცობების განტვირთვის მიზნით, სადისტრიბუციო ავტომანქანების მოძრაობის განრიგის შესახებ და მათი მოსაზრებებიც მოისმინეს.

როგორ მერიაში გვითხრეს, შეხვედრაზე შეზღუდვების კონკრეტული დროები, ან  სხვა დეტალური გეგმა არ გაჟღერებულა.   ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრა არის იმ კომპლექსური სქემის ნაწილი, რომელიც თბილისის საცობებისგან განტვირთვას უკავშირდება.   “დღეს ჩვენ შეხვედრა გვქონდა სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებსაც ფართო დაფარვის ქსელი აქვთ ქალაქის მასშტაბით. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომელიც გულისხმობს სადისტრიბუციო მანქანების უკეთ ორგანიზებას და პიკის საათებში რეგულირებას.

განვიხილეთ რამდენიმე სამუშაო წინადადება და შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ მათ შევთავაზებთ კონკრეტულ წინადადებას, თუ რომელ ქუჩებზე, დროის რა პერიოდებში შეიძლება განხორციელდეს გარკვეული რეგულაციები იმისათვის, რომ თბილისში გადაადგილება იყოს უფრო კომფორტული”, – განაცხადა ლექვინაძემ.   მისაღები იქნება თუ არა კომპანიებისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვა, ამის გასარკვევად “პოლიტკომერსანტი” შეხვედრაში მონაწილე ერთ-ერთ კომპანიის “ნატახტარის” წარმომადგენელს დაუკავშირდა.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ჯერ ნაადრევია საუბარი სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვაზე, რადგან წესის დამტკიცებამდე კიდევ ბევრი დროა. “ჯერ ვერ ვიტყვით მისაღები იქნება თუ არა ჩვენთვის რეგულაციები, გააჩნია რა ფორმით შემოგვთავაზებენ. შეხვედრები გაგრძელდება და მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს. ჩვენ გვესმის თბილისის მერიის და იმ პრობლემის, რომელიც დედაქალაქში დგას”,-განაცხადა “ნატახტარის” პიარმენეჯერმა ნინო სურმავამ.

დედაქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ უახლოეს ორ კვირაში ამავე ტიპის შეხვედრა გაიმართება, სადაც მერიის წამომადგენლები სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვის კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრებენ.

 

,,პოლიტკომერსანტი”

მსგავსი სიახლეები
284 ნახვა