საქართველოში ღორის გრიპი გააქტიურდა – H1N1-ის სიმპტომები და გაფრთხილება მოსახლეობას

რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ღორის გრიპს? არის თუ არა მომატებული ვირუსული ინფექციების რაოდენობა და რა პროგნოზები აქვს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს?

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ მიმართვიანობამ კლინიკებში კიდევ მოიმატოს, თუმცა ამბობენ, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არის და გრიპის ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა დაშვებულ ზღვარს არ აღემატება.

ბოლო მონაცემებით, 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამი H1N1, ერთი კი H3N2-ის შტამის ვირუსით.

როგორც „ნიუპოსტთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში საავადმყოფოებში ბავშვთა კლინიკებში მიმართვიანობამ იმატა.

პაატა იმნაძე: მიმართვიანობამ იმატა, თუმცა ეს კარგია, რადგან მძიმე შემთხვევები არ გამოგვეპარება. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები ბავშვებში არ გამოვლენილა. რაც შეეხება მოზრდილებს, თუ აქვთ გრიპის სიმტომები დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

რამდენი ხნის განმავლობაშია ადამიანი ამ ვირუსის მატარებელი?

– ერთი კვირის განმავლობაში ვირუსი გადამდებია, ამიტომ ჯობია სახლიდან გასვლისგან თავი 7 დღის განმავლობაში შევიკავოთ.

მიახლოებულია თუ არა დაავადების გავრცელება ეპიდემიის ზღვარს?

– არა, სახეზე ნამდვილად არ გვაქვს ეპიდემია. არსებული მონაცემებით, ვირუსი 100 000 ადამიანზე 200-ს აღენიშნება, ეპიდემიური ზღვარი ეს არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად.

– შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია თუ არა დავადებულთა რიცხვი?

– გრიპის გავრცელება არის ისეთივე, როგორც შარშან. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც წელსაც არ შეცვლილა. ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებს H1N1, ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელიც 2009 -10 წლებში პანდემიურად იყო წარმოდგენილი ჩვენ ქვეყანაში.

– რა სიმტომებით ხასიათდება H1N1 და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?

– თუ ბავშვს 38,5 სიცხე აქვს თუნდაც ერთი დღე აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. რაც შეეხება მოზარდებს, თუ ტემპერატურა 38 ნახევარი და მეტი სამი დღის განმავლობაში აღენიშნებათ, უნდა მიმართოთ საავადმყოფოს. თუ სუნთქვის გაძნელება აღგენიშნებათ – ეს ფილტვების ანთებას მოასწავებს, თუ ნახველში სისხლი შენიშნეთ დაუყოვნებლით გაესინჯეთ ექიმს.

– როდის ელოდებით გრიპისმაგვარი დაავადებების პიკს?

– პიკს – თებერვალში და ჩვეულებისამებრ მარტამდე გრძელდება.

რას ურჩევდით მოსახლეობას?

– მთავარია გრიპს არ გავუთამამდეთ. გართულების რისკის თავიდან ასაცილებლად დროზე მივიდეთ ექიმთან. განსაკუთრებით ეს ეხებათ დიაბეტიან, გულ-სისხლ ძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს. ორსულ ქალბატონებს, მცირეწლოვანებსა და მოხუცებს.

დამსაქმებლებს მივმართავ, რომ თუ თქვენი თანამშრომელი არის ავად ნუ მიიღებთ მას სამსახურში, ოჯახის წევრებს კი ვეტყვი, რომ ნუ გაუშვებენ გარეთ ასეთ პაციენტს. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელი, იმიტომ, რომ გრიპი წვეთოვანი დაავადებაა და ხშირად ხელზე ხვდება. ხელსახოცი თუ არ გვაქვს, ნუ მივიდებთ ხელს ცხვირ პირზე.

– არსებობს თუ არა პრევენციის გზები ?

– აცრები, რომელიც სამწუხაროდ ქართველებს მაშინ გვახსენდება, როცა ფაქტის წინაშე ვდგებით. სახელმწიფო პროგრამით ამ მომენტისთვის 12 000 ადამიანია აცრილი. ძირითადად მაღალი რისკის ადამიანები არიან აცრილნი.

 

 

,,ნიუპოსტი”

მსგავსი სიახლეები
497 ნახვა