ლევან კობიაშვილი – ,,ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი”

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ კახა ცხადაძემ შეინარჩუნოს პოსტი ,- ამ სიტყვებით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, იგი რამდენჯერმე შეხვდა კახა ცხადაძეს და კონტრაქტის ახალი პირობები შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, კახა ცხადაძე ანაზღაურების სახით ფიქსირებულად ხელფასის 50%-ს მიიღებდა, ხოლო დარჩენილ თანხას კი იგი წარმატების შემთხვევაში ბონუსური სისტემით აიღებდა. ლევან კობიაშვილის განცხადებით, კახა ცხადაძემ მასთან ამის შემდეგ კონტაქტი შეწყვიტა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აბსურდულს უწოდებს კახა ცხადაძის ბრალდებას იმის შესახებ, რომ ფედერაციაში გადაწყვეტილებებს გარეშე პირები იღებენ და აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელი იმ ადამიანებს აჰყვა, რომლებმაც 3 ოქტომბერს ჩატარებული ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების შედეგი ვერ მოინელეს.

“რაც კახამ წამოიწყო, არის იმ ხალხის დამსახურება, რომლებმაც ვერ მოინელეს 3 ოქტომბრის შედეგი. ეს არის მიზანმიმართული საუბრები და ხელის გაშვერა. მათ ამის არანაირი უფლება და საფუძვლები არ აქვთ. ისინი ქართულ ფეხბურთში ვეღარ დაბრუნდებიან და ზუსტად ეს იყო ფედერაციაში ცვლილება – ხალხი, რომელიც პირადი ინტერესებისთვის იყენებდა ფეხბურთს, მათი ადგილი აქ აღარ იქნება.

ჩემთვის წარმოუდგენელია დღევანდელი მდგომარეობით, რომ კახამ შეინარჩუნოს ეს პოსტი. მომდევნო დღეებში მოვიწვევ აღმასკომს და ვისაუბრებთ, რომ კახა აღარ იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი,”-განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
149 ნახვა