მთავრობა სპეცუბნებს აუქმებს

სპეცუბნებს ვაუქმებთ, ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს და მასზე საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

“დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვა გადაიდგა საარჩევნო გარემოს კუთხით, რომლის შესახებაც თქვენ იცით. დამატებით, ბოლო დღეებში მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ასევე ის, რომ სპეცუბნებს, როგორც ასეთს, ჩვენ ვაუქმებთ და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი უკვე ატვირთულია. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები და ვიმსჯელოთ ერთად, განვიხილოთ ის არგუმენტები, რომლებიც თქვენ გაქვთ და ასევე, მოისმინოთ არგუმენტები, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ საკითხზე გუშინ ვიცეპრემიერმაც გააკეთა განცხადება. ვიცეპრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ “ქართულ ოცნებას” არჩევნებში ხმების მოგროვებისთვის სპეცუბნები არ სჭირდება. ვიცეპრემიერმა გარდაბანში სტუმრობისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ამით კანონი არ დაირღვევა შესაძლოა სპეცუბნები გაუქმდეს და ამ თხოვნით თავდაცვის მინისტრს მიმართა.

“მინდა ვთხოვო ქალბატონ ხიდაშელს, თუ არის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმდეს ეს სპეცუბნები. გულწრფელად მინდა ვთქვა და ვუთხრა საზოგადოებას, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, რომ მივაღწიოთ წარმატებას. თუ ეს არის არაკანონიერი შესაბამისად ალბათ იმ არასამთავრობოების მოთხოვნა არის სწორი,” – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ არასამთვარობო ორგანიზაციები გარდაბანში სპეცუბნების გაუქმებას მოითხოვენ. გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 28 იანვარს გაიმართება, ცესკოს მონაცემებით, მასში ორი კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი ბესიკ კახაბრიშვილი იღებს მონაწილეობას.

 

 

,,პოლიტკომერსანტი”

მსგავსი სიახლეები
149 ნახვა