როდის იქნება ყველაზე ძლიერი ყინვა თბილისში და რა მდგომარეობა საქართველოს გზებზე?

უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ყინვებია მოსალოდნელი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, ისევ მოთოვს და ყინვა მთელ კვირას შენარჩუნდება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ბარში 27 იანვარს არის მოსალოდნელი და ყინვა -7 -10 იქნება.

რაც შეეხება თბილისს ცნობილია, რომ დედაქალაქში 26 იანვარს დღისით -3 გრადუსი,  ღამით კი -11 გრადუსი ტემპერატურა იქნება. ასეთივე ყინვაა ნავარაუდები ოთხშაბათს 27 იანვარსაც.

დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ მძღოლებს. დედაქალაქში გუშინ მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. რეგიონებში კი შეზღუდვები ამ დრომდეა დაწესებული.

საქართველოს გზებზე არსებული მდგომარეობა:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურისმ მონაკვეთზე ამ დროისათვის ზვავსაშიშროების რეჟიმი მოხსნილია და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს (მლეთა-გუდაურის გზაზე რამდენიმე ზვავია ჩამოსული).

ძლიერი თოვაა დილიდან ბათუმშიც. ამ დროისთვის თოვლის საფარმა 20 სანტიმეტრს მიაღწია. მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები, თუმცა ტრანსპორტი შეუფერხებლად მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდება.

თოვლმა პრობლემები შექმნა ქობულეთში, სადაც მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 8 სანტიმეტრს მიაღწია. პარალიზებულია სოფლებისკენ მიმავალი გზები. თითქმის, 6 ათას აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. 10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

თოვლია აჭარის მთიანეთშიც, თუმცა ამ დროისთვის ცენტრალური ავტომაგისტრალი ჩაკეტილი არ არის. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი მაღალმთიანეთის 10 საჯარო სკოლაშიც შეწყდა.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დიდთოვლობა რაჭაშიც. სოციალურ ქსელში სოფელ ღებში გუშინ გადაღებული კადრები ვრცელდება, სადაც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

გავრცელებული მასალის მიხედვით, თოვლის საფარმა, ერთ მეტრს გადააჭარბა.

წუხელ ღებთან ზვავი ჩამოწვა და მხარის გუბერნატორის თქმით, აქ დილიდან გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს.

გზების დეპარტამენტის განმარტებით, გზების მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ასევე მუშაობს ცხელი ხაზი.

 

მსგავსი სიახლეები
239 ნახვა