დიმიტრი ქუმსიშვილი – ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია

როვნულმა ბანკმა გაყიდა 20 მილიონი დოლარი – ეს არის სწორედ ის პასუხი მოკლევადიან პერიოდში, რომელიც ინსტრუმენტების სახით არსებობს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფოს აქვს ორი გზა – გააკეთოს ინტერვენცია ან მიმართოს ფულის მასის შემცირების მეთოდს.
“მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოს შეუძლია პირველი ის, რომ გააკეთოს ინტერვენციები და მეორე, შეამციროს ფულის მასა. ინტერვენციების გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუ ფუნდამენტი გვაჩვენებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავუფასურდეთ და მეორე, ფულის მასის შემცირების შემთხვევაში ეკონომიკა შემცირდება. პარასკევსაც და დღესაც ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა და გაყიდა 20-20 მილიონი დოლარი და ეს არის სწორედ ის პასუხი მოკლევადიან პერიოდში, რომელიც სახელმწიფოში ინსტრუმენტების სახით არსებობს. არ არსებობს სხვა ინსტრუმენტი. თუ ვინმე დამისახელებს სხვა ინსტრუმენტს, დიდი სიამოვნებით მოვუსმენ”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა 10 მილიარდი დოლარი დახარჯა სავალუტო რეზერვებიდან, მაგრამ 105 %-იან გაუფასურებას ვერ ასცდა. ქუმსიშვილის განცხადებით, ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სწორი სავაჭრო ბალანსი.
“მაგალითად აზერბაიჯანის ეკონომიკა, რომელიც არის რამოდენიმეჯერ დიდი, 10 მილიარდი დოლარი დახარჯა მაგრამ აქვს 105 %-იანი გაუფასურება. აქედან დასკვნებიც გამომდინარეობს, რომ ვალუტის კურსის ხელოვნურად შენარჩუნება ღია ეკონომიკის პირობებში პრაქტიკულად არის შეუძლებელი და შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სწორი სავაჭრო ბალანსი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
134 ნახვა