ფატუ ბენსუდა – 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი

გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, – ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე ფატუ ბენსუდა აცხადებს.
ბენსუდას თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მის ოფისს მისცა უფლება, დაიწყოს გამოძიება საქართველოში 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულებზე.

“გამოძიების დაწყება გასული წლის ოქტომბერში მოვითხოვეთ, საქართველოში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე, რომელშიც სამივე მხარე მონაწილეობდა. სასამართლოს არ შეუძლია გამოძიების დაწყება იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო უკვე იძიებს იმავე საქმეებს. ბოლო დრომდე ქართული და რუსული გამოძიებები პროგრესულად მიმდინარეობდა, თუმცა საქართველოში მარტში ამ მიმართულებით მუშაობა შეწყდა. ჩვენი გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. ის იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”, – აცხადებს ბენსუდა, რომლის ქართულ თარგმანსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, პროკურორ ფატუ ბენსუდას საქართველოს საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ნება დართო. აღნიშნული ინფორმაცია ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
საქმე ეხება 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სასამართლო კოლეგიის დასკვნით, ჰააგის სასამართლოს იურისდიქციაშია.

“მოთხოვნის და დამატებითი მასალების შესწავლის შედეგად, მოსამართლეებმა დაასკვნეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ დანაშაული ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას ეკუთვნის. ჩადენილ იქნა სისხლის სამართლის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, მაგალითად მკვლელობა, მოსახლეობის იძულებით გადაადგილება და დევნა, ასევე ომის დანაშაულები, როგორიცაა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები, წინასწარ განზრახული მკვლელობები, თავდასხმები მშვიდობისმყოფელებზე, ქონების განადგურება, ძარცვის ფაქტები, რომლებიც 2008 წლის 1-ელი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში დაფიქსირდა”, – წერია ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
პროკურორმა ფატუ ბენსუდამ სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა. პროკურორის აზრით, არსებობს გონივრული საფუძველი, ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

 

,,interpressnews.ge”

მსგავსი სიახლეები
118 ნახვა