ფატუ ბენსუდა – სასამართლოს პირის დაკავების ორდერისთვის მივმართავთ მხოლოდ მაშინ, როცა გვექნება საჭირო მტკიცებულებები

მოსამართლეებს პირის დაკავების ორდერისთვის ან სასამართლოში დაბარებისთვის მივმართავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გვექნება საფუძველი ვიფიქროთ, რომ პირი პასუხისმგებელია დანაშაულზე”, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა აცხადებს.

როგორც ჰააგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, “გამომძიებლები მოიპოვებენ ყველა საჭირო მტკიცებულებას სხვადასხვა წყაროდან და იმუშავებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.”

“გამოძიების დაწყება გასული წლის 13 ოქტომბერს მოვითხოვეთ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში არსებული ვითარების წინასწარი შესწავლის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულებებზე. ეს დანაშაულები შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ სამივე მხარეს ეხებოდა – ესენია საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის ძალები და რუსეთის შეიარაღებული ძალები.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება არ შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულმა სახელმწიფომ საკუთარი გამოძიება უკვე ჩაატარა ან ატარებს. ბოლო დრომდე საქართველოშიც და რუსეთშიც გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა გასული წლის მარტში საქართველოში გამოძიება გაურკვეველი დროით შეჩერდა, რუსეთში კი საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უკავშირდება მხოლოდ იმას, რამდენად გამართლებული იყო გამოძიების დაწყება. ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს რაიმე დასკვნას კონკრეტული პირების ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხზე. მოსამართლეებს, პირის დაკავების ორდერისთვის ან სასამართლოში დაბარებისთვის მივმართავ მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში, როცა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იქნება გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ პიროვნება პასუხისმგებელია დანაშაულებებისთვის, რომელზეც ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია”, – ნათქვამია ბენსუდას განცხადებაში.

ფატუ ბენსუდას თქმით, გამოძიება გაგრძელდება იმდენხანს, რამდენიც საჭიროა საჭირო მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიების ფარგლებში ექნება ყველა მხარის სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
110 ნახვა