ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლეთა ტესტირება ობიექტურად ჩატარდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, მოსამართლეთა ტესტირება ობიექტურად ჩატარდა. თუმცა, მისივე თქმით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და დასკვნის შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებებს.

“ამ საკითხზე მიმდინარეობს შემოწმება, დასკვნა ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის და ეს დასკვნა გვეტყვის ყველაფერს”, – განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ ის ერთ-ერთი კონკურსანტის ირინა ხერხეულიძის სადოქტორო ნამუშევრის ხელმძღვანელი იყო. ჟურნალისტის შეკითხვაზე – სწორედ ირინა ხერხეულიძის შედეგებმა გამოიწვია ეჭვი და რა შეფასებას გააკეთებდა, გვენეტაძის თქმით, მისთვის ხერხეულიძის შედეგები საეჭვო არ არის.

“ნამდვილად ვიყავი მისი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი, თუმცა მისი შედეგები ჩემთვის საეჭვო არ არის. მე მჯერა გამოცდის. ის ჩატარდა ობიექტურად და კონკურსანტმა მიიღო შეფასება”, – განაცხადა გვენეტაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, რომ შეწყდეს მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, იქამდე სანამ მოკვლევა არ დასრულდება, გვენეტაძის თქმით, ჯერ უნდა მოხდეს შესწავლა, დადგინდეს ყველაფერი და შემდეგ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. მისივე თქმით, იმ მოსამართლეებს, რომლებმაც ტესტირება ჩააბარეს, იუსტიციის უმაღლესი სკოლაც არ გაუვლიათ ჯერ და შესაბამისად, სანამ ისინი მოსამართლეებად დაინიშნებიან, მანამდე პროცედურები აქვთ გასასვლელი.

 

,,ინტერპრესნიუსი”

მსგავსი სიახლეები
87 ნახვა